დეპუტატი მანჯგალაძე წუხს, რომ საქართველოს რუსეთთან ომის დაწყება არ შეუძლია

არესტოვიჩი ლაპარაკობს უკრაინის გადასახედიდან, საქართველოს სამწუხაროდ დღეს ისეთი რეალობა არ აქვს, რომ ომი სცადოს რუსეთთან, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

დეპუტატმა ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

„უკრაინა არის 40 მილიონიანი ქვეყანა, საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს შესაძლებლობა და რესურსი, რომ რუსეთი დაამარცხოს, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვგულისხმობ. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც გადის საერთაშორისო ზემოქმედებაზე. არესტოვიჩი ლაპარაკობს უკრაინის გადასახედიდან, საქართველოს სამწუხაროდ დღეს ისეთი რეალობა არ აქვს, რომ ომი სცადოს რუსეთთან.

მე არ ვემხრობი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეას. მე არ ვემხრობი, რომ საქართველომ​ აწარმოოს აგრესიული ომი. საქართველოს აქვს უფლება, მხოლოდ თავდაცვითი ომი აწარმოოს. თავდაცვითი ომი შესაძლებელია, თუ მტერი თავს გესხმის. თუ ოჯახებს გვიწიოკებენ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ოჯახები დავიცვათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. -1ტვ.გე

როგორ “აზროვნებენ” ქართველი “პოლიტიკოსები”, ამის კომენტირებას არ შევუდგებით ახლა – მხოლოდ მსხვილი შრიფტით გამოვყავით საკვანძო სიტყვები – გამგები გაიგებს!