რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის საშუალებით განაცხადა, რომ ბირთვული ომის შესაძლებლობა სავსებით რეალურია და ამის გამორიცხვა, არსებული ვითარებიდან, ვერ მოხდება.
“საფრთხე სერიოზულია, რეალურია, იგი ჯეროვნად უნდა შევაფასოთ” – მიიჩნევს რუსი მინისტრი.
ეს შემაშფოთებელი განცხადებაა მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ რა გახდა მისი მიზეზი?
ლავროვი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პოზიციას, რომ ბირთვული ომი მას არ სურს და “ბირთვული ხუთეული”, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი, ამ პოზიციას ადასტურებს. მაგრამ რუსეთისთვის წითელი ხაზი იქნება უკრაინის ომში ნატოს ჩართულობა.
“იმედი მაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები არ წამოეგებიან ვლადიმირ ზელენსკის მოწოდებებს, ნატომ ჯარები შეიყვანოს უკრაინის ტერიტორიაზე” – აღნიშნა მინისტრმა.
“უკრაინის ომი, რა თქმა უნდა, შეთანხმებით დასრულდება, თუმცა ამ შეთანხმების პარამეტრები განისაზღვრება საომარი მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც შეთანხმების მიღწევა მოხდება” – განაცხადა ლავროვმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებასთან დაკავშირებით.