იაგო ხვიჩია – ვერ დავადგინე ჩვენს რეიტინგს რატომ არ ზომავენ – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ, წინა კვლევაში მაგალითად, გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ.
“გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას შეფასებით, IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა არაკვალიფიციურად არის ჩატარებული და მთავარი პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევები არასწორად ტარდება, საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს, აშშ-ის ინტიტუტებს კი რეპუტაციულად აზიანებს.
იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, გამოკითხვის ფარგლებში რატომ არ არის “გაზომილი“ მათი პარტიის არც ერთი წარმომადგენლის რეიტინგი.
– “ვერასდროს დავადგინე ჩვენ რატომ არ გვზომავენ. ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია და ტელევიზორში არც ჩვენზე ხშირად ჩანს – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში მაგალითად გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ – არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, “არ ვიცი“, “არ გადამიწყეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ კვლევები არაკვალიფიციურია.
არაკვალიფიციური კვლევები კი პესიმიზმს აჩენს აშშ-სა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წყარო: ptn.ge