“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაცია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. პირველი აქცია 6 მაისს, რუსთაველის ქუჩაზე, სიმბოლურად სწორედ იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც აჭარის რევოლუცია მოხდა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების ქმედებების გამო მიიღეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასა და წამებას ისევ აგრძელებს.
“ჩვენ ვიწყებთ ქუჩის მასშტაბურ აქციებს. პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია და სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე სრული რევანშის განხორციელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს”, – თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ.
პარტიაში აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
“ასე სჯის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ კრიმინალური, კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს. ამიტომ, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში. სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია გადავდივართ საგანგებო რეჟიმში”, – თქვა პარტიის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა
“ალია”