„პარკირების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად, აუცილებელია, საავტობუსე ზოლები განვითარდეს“ – ირაკლი იზორია ახალი კანონპროექტის შესახებ.
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, პარკირების რეფორმა მისასალმებელია, თუმცა მას გაგრძელება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მაქსიმალურად დახვეწა სჭირდება.
ირაკლი იზორიამ პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ის ახალი კანონპროექტი შეაფასა, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმები იზრდება.
– „მოგეხსენებათ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პარკირების წესებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები იცვლება. პირველი არის ის, რომ თუ ფეხითმოსიარულეთა ტროტუარებზე ავტომობილი იქნება დაპარკინგებული, სადგომზე მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა მოხდება. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც ფეხით გადაადგილდება, შშმ პირები, ხშირად იძულებულები ხდებიან, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რაც მათ საფრთხეს უქმნის, მოხვდნენ საგზაო შემთხვევაში.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას – მუნიციპალიტეტს უფლება მიეცემა, განსაზღვროს, ავტობუსის ზოლებში სად გადაჭრას ტაქსიმ ადგილი. ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ დღესდღეობით ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება, ავტობუსის ზოლი გადაკვეთონ. ამ შემთხვევაში ჯარიმდებიან. ეს ყველაფერი საგზაო უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, ვინაიდან ტაქსიდან ჩამომსვლელი მგზავრი, შეიძლება, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს. ცვლილებების ამოქმედების შედეგად, ტაქსის მძღოლებს უფლება მიეცემათ, ავტობუსის ზოლში გადავიდნენ და მგზავრს მანქანა უსაფრთხოდ გაუჩერონ.
რაც შეეხება მესამე მიმართულებას – ესაა პარკირების წესთან დაკავშირებით. ანუ ველობილიკზე, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ან ტაქსის პარკირების ადგილზე დაპარკინგების ჯარიმა 100 ლარი იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 50 ლარისა.
ჩვენ ვიცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ველობილიკების ქსელის განვითარებას ისახავს, რაც თბილსიში დიდი ხანია დაიწყო, თუმცა გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. ძალიან ბევრი ველომოყვარული მერიას საჩივრით მიმართვდა, რომ ისინი კომფორტულად ვერ გადაადგილდებიან, ვინაიდან ველობილიკზე დაპარკინგებული ავტომობილები ხვდებათ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმის, ანუ 100 ლარის გამოწერა საკმარისი არ იქნება, აუცილებელია, ის, რომ აღსრულება გაიზარდოს. ჯარიმა 1000 ლარიც რომ დავაწესოთ, თუ აღსრულება არ იქნა, მძღოლი ისევ იმავეს გააკეთებს.
რაც შეეხება ჯარიმის ქვითარს, თუ აქამდე მოქალაქეს ჯარიმა საქარე მინაზე ხვდებოდა, შეიძლებოდა, ეს დაკარგულიყო, შემდეგ საურავები ერიცხებოდათ, ეს წესიც შეიცვლება. მათ შესაბამისი შეტყობინება სახლში გაეგზავნებათ“ – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, პარკირების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად, აუცილებელია, საავტობუსე ზოლები განვითარდეს.
– „რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, როცა საპარკინგე სისტემის მოწესრიგება ხდება. ევროპული ქვეყანები, სადაც ბევრი ავტომობილია, პარკირების აგდილებს ამცირებენ, საჯარო სივრცეების უფრო მეტად განვითარდება ხდება, მაგალითად ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ტროტუარები, სკვერები, პარკები, ველობილიკები, რაც მთავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვითარდება. დღესდღეობით იმას ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლომდე განვითარებულია. ვიცით, რომ ბევრი პრობლემა არსებობს. პარკირების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად, აუცილებელია, საავტობუსე ზოლები განვითარდეს. მანამდე დაანონსებული იყო 10 დერეფანი, რომელიც სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებდა და 18-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდოდა. ეს მგზავრთა ნაკადების გადააგილებას შეუწყობდა ხელს. დღეს ვიცით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით პრობლემებია. ანუ, ტრანსპორტი ხალხს ფიზიკურად არ ჰყოფნის, ან მოლოდინის რეჟიმია დიდი. ამიტომ, აუცილებლია, ეს რეფორმა ბოლომდე გატარდეს, 10 დერეფანი გაკეთდეს, საავტობუსე ზოლები განვითარდეს. 2 000 ავტობუსი რომ შემოვიყვანოთ, თუ საავატობუსე ზოლები არ გვექნება, ეს ავტობუსები მაინც საცობებში იდგებიან.
თუ იმას ვამბობთ, რომ საპარკინგე რეფორმა ხორციელდება , საპარკინგე ადგილებს ვზღუდავთ, მაშინ ეს საპარკინგე ადგილები საზოგადოებრივ სივრცეებს უნდა დავუთმოთ, რასაც ავტობუსის ზოლები, ველობილიკები ჰქვია.
ბევრი ევროპული ქვეყანა აღმოჩნდა იმის წინაშე, რომ საპარკინგე ადგილები ფიზიკურად არ ჰყოფნით. საქართველოს პირობებზე რომ ვისაუბროთ: თუ 2004 წელს დაახლოებით 400 000 ავტომობილი იყო, დღევანდელი მდგომარეობით მილიონ-ნახევარია. მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად ემატება. ფიზიკურად შეუძლებელია, ამდენი საპარკინგე ადგილი გაკეთდეს. ასევე საკორპუსე სიტემებია მოუწერიგებელი. ბევრ კორპუსს თავის ავტოფარეხი აქ აქვს, რაც მძღოლს იძულებულს ხდის, მანქანა საზოგადოებრივი პარკირების ადგილებზე განათავსოს. ეს კომპლექსური პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარკირების რეფორმა კარგია, თუმცა მას გაგრძელება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მაქიმალურად დახვეწა სჭირდება“ – განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ისაუბრა.
“პროექტის თანახმად:
• ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება;
• მუნიციპალიტეტს უფლება მიენიჭება, საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები განსაზღვროს;
• უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა sms შეტყობინება;
• ამასთან, ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.
• მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
• ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება” – წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge