რუსულ გაზზე უარის თქმა ევროპისთვის, მხოლოდ სამრეწველო საწარმოების გაზმომარაგებიდან გათიშვით არის შესაძლებელი – გერმანული “შპიგელი”

ევროკავშირი შეძლებს ზამთარში გაზის საწყობების შევსების მიზნის მიღწევას, რუსეთიდან გაზის ორ მესამედზე უარის თქმის შემთხვევაში, მხოლოდ იმ პირობით, თუკი ევროპული სამრეწველო საწარმოებისთვის გაზი გათიშული იქნება 2022 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

გამოცემის მიხედვით, ევროკომისიის  პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებები, რომ ევროპა „სწრაფ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ პასუხს“ გასცემს რუსეთს, რომელიც მოითხოვს გაზის საფასურის გადახდას რუბლებში, და რომ ევროპა მზად არის შეაჩეროს გაზის მიწოდება რუსეთიდან” – ზედმეტად ლამაზად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს”

ამავდროულად, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებები, რომ ქვეყანამ უკვე იცის, როგორ იმოქმედოს რუსეთიდან იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაში, Der Spiegel-ის მიხედვით, ასევე არ არის ძალიან დამაიმედებელი.

ამგვარად, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის ფრანს ტიმერმანსის განცხადებები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეძლებენ შეცვალონ რუსული გაზის ორი მესამედი სხვა ქვეყნებთან კონტრაქტებით, დაზოგონ და გააფართოვონ ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ასევე, ნოემბრის თვემდე შეძლონ თავიანთი გაზის საწყობების შევსება მაქსიმალური მოცულობის 80%-მდე, რათა შემდგომი ზამთრის მანძილზე გაძლონ რუსული გაზის გარეშე, ბევრ ექსპერტს უჩენს ეჭვს. კერძოდ, იულიხის კვლევითი ცენტრის სპეციალისტები (გერმანია) ვარაუდობენ, რომ ასეთი სცენარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შეზღუდავს გაზის მიწოდებას სამრეწველო საწარმოებისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ზაფხულში. ამავდროულად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ევროპა ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის იმპორტს, გაზის საცავი შეიძლება საკმარისად არ იყოს სავსე ზამთრისთვის.

ამავდროულად, აღნიშნულია, რომ 1 აგვისტომდე ევროპის გაზის საწყობების 63%-ით შევსების მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში, ევროკავშირის ყველა მეტალურგიული, ქიმიური თუ ცემენტის ქარხანა ივლისის ბოლომდე უნდა იყოს გათიშული გაზმომარაგებიდან, ხოლო გაზზე მომუშავე ელექტროსადგურები იძულებულნი იქნებიან შეწყვიტონ მუშაობა თითქმის მთელი ივლისის განმავლობაში. ამასთან, როგორც გამოცემაში ხაზგასმულია, 1 ნოემბრისთვის 80%-იანი დაკავების დონის მისაღწევად, ოქტომბრის მანძილზე, საჭირო იქნება სამრეწველო საწარმოებისთვის გაზის მიწოდების ხელახლა შეზღუდვა. „გაზის საწყობების შევსება დაგეგმილი მოცულობების შესაბამისად და ამავდროულად რუსეთიდან მიწოდების მკვეთრი შემცირება მხოლოდ მრეწველობისა და ელექტროსადგურებისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში იქნება შესაძლებელი“, – ციტირებს Der Spiegel-ს, იოხენ ლინსენს, იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორს.

დასასრულს, აღნიშნულია, რომ ტიმერმანსის მიერ გამოცხადებული ევროკავშირის უარი დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტრზ რუსულ გაზზე ვერ დაბალანსდება – რუსული გაზის დეფიციტის კომპენსირება შეუძლებელია მილსადენის გაზის დამატებითი მიწოდებით ნორვეგიიდან, ალჟირიდან ან აზერბაიჯანიდან. ასევე არ შეცვლის სურათს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის შემდგომი გაზრდა. ამ დროისთვის ევროპა თხევადი გაზის რეკორდული მოცულობის იმპორტს ახორციელებს – უკვე ტერმინალების 61% -ია დატვირთული წლის დასაწყისიდან. თავისუფალი ტერმინალების უმეტესობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ესპანეთში. თუმცა, იქიდან გაზის ცენტრალურ ევროპაში მიწოდება თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, LNG უკვე დეფიციტური ხდება, – აღნიშნავს Der Spiegel.

“თვით ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საბჭოც, როგორც ჩანს, არ მიიჩნევს, რომ ტიმერმანსის მიერ დაგეგმილი უარი რუსული გაზის 2/3-ზე წლის ბოლომდე მიღწევადია. ენერგეტიკული საკითხის თაობაზე მიღებული მრავალრიცხოვანი გადაწყვეტილებებიდან, ევროკომისიის მიერ წარდგენილი არც ერთი ციფრი ჯერ არ დაამტკიცა – არც იმპორტის შემცირებაზე, არც გაზსაცავების შევსების დონეზე. საბჭომ მხოლოდ გამოაცხადა, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება” – აღნიშნავს გამოცემა.