მიხეილ სარჯველაძე – ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმები გამოსავლად მაინც და მაინც სააკაშვილის უცხოეთში წასვლაზე არ უთითებენ, ისინი კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციების საჭიროებაზე საუბრობენ.
თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას, აქტიური მოთხოვნა მისი უცხოეთში წაყვანაა – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პატიმრის ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობა სასჯელის გადავადების ან მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის მოთხოვნას არ წარმოშობს.
– “აბსოლუტურად გასაგებია ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობა, რომელშიც პატიმარი იმყოფება იმის გამო, რომ ვერ ეგუება და არ აქვს საპატიმრო დაწესებულებასთან შეგუების სურვილი, თუმცა ეს სასჯელის გადავადების ან მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის მოთხოვნას არ წარმოშობს.
ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმები გამოსავლად მაინცა და მაინც უცხოეთში წასვლაზე არ უთითებენ, ისინი კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების საჭიროებაზე საუბრობენ. არ შეიძლება, საკითხის მხოლოდ ემოციების ან სიმპათიების დონეზე გადაწყვეტა. ვითარება საკმაოდ მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ რა სამედიცინო მანიპულაციაც პაციენტს ესაჭიროება, ყველაფერი მიწოდებადია საპატიმრო დაწესებულებაში. როცა ასეთი მანიპულაციის მიღებაზე პატიმარი თავად ამბობს უარს, ეს არ იძლევა რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან თუ ასეთი წესი იქნება მასთან მიმართებაში, მაშინ წესი უნდა იყოს სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც“ – განაცხადა სარჯველაძემ.
წყარო: 1tv.ge