სომხეთში ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეების ჯარში გაწვევის იდეა გაჩნდა

სომხეთში პროსახელისუფლებო დეპუტატებმა სომეხ სამხედროებს მოუწოდეს, ჯარში ან სამხედრო წვრთნებზე გაიწვიონ ოპოზიციის დემონსტრაციებში მონაწილეები, რომლებიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

“თუ ოპოზიციის პოლიტიკური მიზანი არის არცახისა [მთიანი ყარაბაღი] და სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაკავებულები ჭეშმარიტი პატრიოტები და მოქალაქეებიც უნდა იყვნენ, რომლებმაც საკუთარი ვალი უნდა მოიხადონ არმიის წინაშე. მოვუწოდებ პოლიციას და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურს, ამ მოქალაქეების პირადი მონაცემები სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცენ “, – შეთავაზა დეპუტატებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ კოჩარიანმა.

როგორც გამოცემა წერს, კოჩარიანის იდეას სხვა სახელისუფლებო დეპუტატებმაც და სხდომაზე მყოფმა სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

“ცუდი არ იქნებოდა, პატრიოტულად განწყობილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ ჩვენი საზღვრებისა და არცახის საზღვრების დაცვაში”, – განაცხადა სომხეთის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა აშოტ ზაქარიანმა.

მისმა მოადგილემ, ატურ მარტიროსიანმა კი განმარტა, რომ უწყება შეეცდება ოპოზიციონერი ახალგაზრდების მონაცემები თავდაცვის სამინისტროს გადასცეს, რომელიც შემდეგ დაადგენს, ვინ ექვემდებარება ჯარში გაწვევას.

სახელისუფლებო წარმომადგენელების ინიციატივას უკანონო, ადამიანის უფლებების დამრღვევი და შემაშფოთებელი უწოდეს სომხეთში უფლებამდამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთა მოსაზრებით, მსგავსი იდეა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციებზე 1 მაისის შემდეგ პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკის კაცია. ყველა მათგანი პოლიციამ რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა. სომხეთში ოპოზიციის აქციები გრძელდება.

 

“ნეტგაზეთი”