“გაუმარჯოს 9 მაისს! გაუმარჯოს ფაშიზმზე გამარჯვებას! ძირს კაპიტალიზმი! გაუმარჯოს სოციალიზმს!” – თემურ ფიფია

თემურ ფიფიას პირადი მოსაზრება, რომელსაც გთავაზობთ 9 მაისთან დაკავშირებით: “ფაშიზმზე გამარჯვება, სოციალიზმი, მშრომელთა კლასობრივი ბრძოლა 2022 წლის 9 მაისის მიტინგის მონაწილეთა განცხადება (პროექტი)”

“დღეს, 2022 წლის 9 მაისს შევიკრიბეთ ქალაქ გორში, სტალინის სახლის წინ, რათა აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი.
ქართველმა ხალხმა ღირსეული წვლილი შეიტანა ეპოქალურ გამარჯვებაში. ღირსეული იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის წვლილი როგორც ფრონტის, ისე ზურგის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოდან წარგზავნილი 700 ათასი წითელარმიელიდან ბრძოლის ველზე დაეცა 300 ათასი მეომარი!
მიტინგის მონაწილენი ხაზს ვუსვამთ, რომ ისინი იბრძოდნენ სოციალისტური სამშობლოს, საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა სოციალისტური საქართველოს დასაცავად. ისინი დაიღუპნენ 1917 წლის სოციალისტური რევოლუციის მონაპოვრების, მშრომელი ხალხის ინტერესების დასაცავად!
დიდი სამამულო ომი იყო სამკვრო-სასიცოცხლო შებრძოლება ორი სისტემისა – სოციალისტურის და იმპერიალისტურისა. სოციალისტურმა საბჭოთა სისტემამ ფაშისტური გერმანიის სახით სწორედ რომ იმპერიალიზმის ყველაზე აგრესიული და რეაქციული გამოვლინება გაანადგურა. ფაშიზმზე გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო ინტერნაციონალური საბჭოთა ხალხი, ხოლო მთავარი ორგანიზატორი – კომუნისტური პარტია.
დღეს ბევრი ცდილობს სტალინის „პრივატიზაციასაც“, აცლიან რა მის მოღვაწეობას ნამდვილ შინაარსს. ჩვენ შევახსენებთ ანტიკომუნისტური, ანტისაბჭოთა პროპაგანდის ამ ადეპტებს – სტალინი, უპირველეს ყოვლისა, იყო სოციალისტური სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი. მთელი ცხოვრება მან შეალია სოციალისტური საზოგადოების აღმშენებლობას და მის დაცვას გარეშე თუ შინამტრებისაგან. დღეს ბევრი ცდილობს სტალინისა და საბჭოთა სისტემის განცალკევებას. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ სტალინი ანტიკომუნისტადაც კი გამოაცხადა!
კაპიტალიზმის რესტავრაციის 30-წლიანმა პერიოდმა მშრომელ ხალხში გაამყარა სოციალიზმის იდეური პოზიციები და ახალი თვალით შეახედა საბჭოთა წარსულს. ეს კი ძალიან საშიში ტენდენციაა დღევანდელი ანტიხალხური ოლიგარქიული მმართველობისათვის. ანტისოვეტიზმისა და ანტიკომუნიზმის ზემოთ მოყვანილი ტენდენცია კი, გამოაცალონ პოლიტიკური, კლასობრივი შინაარსი საბჭოთა წარსულს, ფაშიზმზე გამარჯვებას და სტალინის მოღვაწეობას, მოწოდებულია, სოციალისტური წარსულის დამახინჯების გზით შეეშველოს დღევანდელი კაპიტალისტური სინამდვილის მორყეულ იდეოლოგიურ საფუძვლებს, დააბნიოს რა დღევანდელ მშრომელთა მრავალათასიანი ახალი თაობა.
საქართველოში დღეს აკრძალულია კომუნისტური სიმბოლიკა და კომუნისტური იდეოლოგია, აკრძალულია გამარჯვების დროშა. ესეც დღეისათვის უკვე აშკარად გამოკვეთილი კლასობრივი ბრძოლის, მისი შემდგომი გაძლიერების შიშითაა გაკეთებული.
ჩვენ ვხედავთ, რომ მშრომელთა სხვადასხვა კოლექტივი, კარგა ხანია, ჩაება თავისი ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში. ჩვენ მოწმენი ვართ მწვავე გაფიცვებისა ტყიბულში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ფოთსა და რუსთავში. სასტიკი ექსპლუატაციით უკმაყოფილოა სახელმწიფო დაწესებულებების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროს მოსამსახურეთა მრავალრიცხოვანი პერსონალი. საქართველოსთან შედარებით, აფრიკისა თუ აზიის ზოგიერთი ჩამორჩენილი ქვეყნის მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა და საერთო დემოკრატიული გარემო ბევრად უკეთესია!
ამიტომაც დღეს ასიათასობით მშრომელის ყურადღება მიმართულია საბჭოთა სოციალიზმის პრაქტიკისაკენ, ხედავენ რა მასში სამართლიანი სოციალური სისტემის უკვე რეალიზებულ წარმატებულ პროექტს.
სწორედ საბჭოთა სოციალისტური პრაქტიკა გვისახავს ახალი სოციალისტური მომავლის რწმენას, მომავლისა კერძო ბანკირთა, მსხვილ ბიზნესმენთა, ოლიგარქთა გარეშე, როცა საზოგადოებრივ წარმოებას, საქართველოს საწარმოო და ბუნებრივ რესურსებს სრულად განაგებს და მართავს თანასწორუფლებიან მშრომელთა კოლექტივების კავშირი მშრომელთავე ინტერესების შესაბამისად.
სწორედ ამ შინაარსით და ამ პოზიციით აღვნიშნავთ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მორიგ, 77-ე წლისთავს.
მაშ გაუმარჯოს 9 მაისს! გაუმარჯოს ფაშიზმზე გამარჯვებას! ძირს კაპიტალიზმი! გაუმარჯოს სოციალიზმს!

თემურ ფიფია