“ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია” – შალვა ნათელაშვილი

“ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია” – შალვა ნათელაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა „ტვ პირველის“ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მხარს უჭერს, თუმცა მისი ბოლოდროინდელი საქციელით უკმაყოფილოა.

„პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი – მით უმეტეს. ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ.

ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ. მერე მოწინააღმდეგე როგორ დავთრგუნოთ, ბიუჯეტი სახლში როგორ წავიღოთ, ნათესავები როგორ დავნიშნოთ თანამდებობებზე, ყველა ხელისუფლება ამით იყო დაავადებული, მაგრამ ივანიშვილმა ეს კულმინაციაზე აიყვანა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისათვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს – პარტიაში ამბობენ, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში მზად არიან, სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

წყარო: gtmedia.ge