ჯგუფი Circus Mircus დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი დღეს ტურინში გაიმართება.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus სიმღერით Lock Me In მეორე ნახევარფინალში დღეს მეხუთე ნომრად წარდგება. მეორე ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.
სიმღერა ინგლისურენოვანია და მასზე თავად ჯგუფმა იმუშავა. ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციის მატარებელია და ჯგუფის წევრების ვინაობა უცნობია. მათი ფსევდონიმებია: დამოკლეს სტავრიადისი, ჰავორც გევორქიანი, იგორ ფორლიხტენშტეინი და იაგო ვიეტნამი.
დაარსების დღიდან ჯგუფმა გამოუშვა ათი მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ Circus Mircus არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს იმისთვის, რომ შექმნან აქამდე არნახული აუდიოვიზუალური გამოცდილება.
მეორე ნახევარფინალში შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: ფინეთი, ისრაელი, სერბეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მალტა, სან-მარინო, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, პოლონეთი, კვიპროსი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მონტენეგრო, ბელგია და შვედეთი.
ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.
წყარო: 1tv.ge