“კობახიძეს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, სუბარს სჭირდება ალკოდამოკიდებულების პროგრამა” – ანა წითლიძე.
მმართველი გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და სოზარ სუბარი გააკრიტიკა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ. წითლიძის განცხადებით „ქართლი ოცნების“ წევრების რიტორიკა ბოღმისა და სიძულვილის ენით გამოირჩევა.
“ქართული ოცნების“ მმართველობის ეს წლები გამოირჩევა ზიზღის, ბოღმის, სიძულვილის ენის, საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაყოფით და ყოველთვის, როცა გვგონია, რომ ყველანაირი ფსკერი უკვე გახვრიტეთ, მაინც ახერხებთ კიდევ უფრო მეტად საზოგადოების გაოცებას. განსაკუთრებით ამორალური და განსაკუთრებით სამარცხვინო იყო ირაკლი კობახიძის და სოზარ სუბარის განცხადებები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით” – განაცხადა ანა წითლიძემ და ოპონენტებს არც თუ კორექტულად მიმართა, რის გამოც გამომსვლელს მიკროფონი გაუთიშეს.
„როგორც ჩანს, ბატონი კობახიძისთვის მემკვიდრეობით ნორმაა პრეზიდენტების მკვლელობაში მონაწილეობის მიღება და რუსული ФСБ-ს ენით საუბარი, როდესაც საუბრობს პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ის, რაც სააკაშვილს სჭირს, ეს არის წამებით გამოწვეული და იმით, რომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ ის სათანადო სამედიცინო მომსახურებით. ხოლო ის, რაც ბატონ კობახიძეს სჭირს და ეს სულაც არ არის სირცხვილი, ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ჰქვია “არასრულფასოვნების კომპლექსი”.
ასევე უნდა ვუპასუხო ბატონ სოზარ სუბარს, რომელმაც შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სუიციდის პროგრამით სარგებლობა შესთავაზა. ბატონი სუბარი აქ არ არის და გადაეცით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროგრამა – “ალკო დამოკიდებულების პროგრამა” და ვფიქრობ, ამით ბატონმა სუბარმა უნდა ისარგებლოს” – განაცხადა წითლიძემ, რის გამოც მას მიკროფონი გამოურთეს.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადება, რომელმაც ანა წითლიძის გაღიზიანება გამოიწვია, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
– “ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: gtmedia.ge