რუსეთის საგარეო უწყება, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საპასუხო ზომებით იმუქრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სამხედრო-ტექნიკური და სხვა სახის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუ ფინეთი ნატო-ს შეუერთდება.
“ფინეთის ნატოში გაწევრიანება სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთ-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში.
რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა შეაჩეროს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
“ჰელსინკმა უნდა გააცნობიეროს ასეთი ნაბიჯის პასუხისმგებლობა და შედეგები”, – დასძენენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
ამასთან, რუსეთი ირწმუნება, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა იქნება. ამ კონტექსტში, რუსეთი 1947 წლის პარიზის სამშვიდობო შეთანხმებასა და რუსეთ-ფინეთის ურთიერთბების საფუძვლების შესახებ 1992 წლის შეთანხმებაზე მიანიშნებს.
“ნატო-ს მიზანი, რომლის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ დაარწმუნეს ფინური მხარე, რომ ალიანსში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობდა, ნათელია – გააგრძელოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, შექმნას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგი. მაგრამ რატომ უნდა გადააქციოს ფინეთმა თავისი ტერიტორია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ხაზად, ხოლო დაკარგოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას, ამას ისტორია განსჯის” – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
მანამდე, ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კრემლმა. სპიკერ პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი საფრთხედ აფასებს.
წყარო: ghn.ge