სენატორმა რენდ პოლმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

კენტუკის შტატის სენატორმა რენდ პოლმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება დაბლოკა.

„რესპუბლიკელი“ სენატორი კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვს. მას სურს შეიქმნას სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯვას.

სენატორი არ დაეთანხმა კომპრომისულ ვარიანტს, რომ ეს წინადადება ცალკე შესწორებად განეხილათ და მოითხოვა, რომ ცვლილება უკვე არსებულ კანონპროექტში შეეტანათ. წინააღმდეგობის დასაძლევად პროცედურული ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს რამდენიმე დღის წინ დაუჭირა მხარი.