ირაკლი კობახიძე – ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის, მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი.
ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომსახურების თვალსაზრისით, საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია.
„ეს აღარ არის ის საპატიმროები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს 12-ჯერ არის შემცირებული ეს სტატისტიკა, რადგან არის სრულიად სხვა მომსახურება და სრულიად სხვა პირობები. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ, ბუნებრივია, ის წარმატებული ვერ იქნება ასეთ პირობებში.
საქართველოში ყველანაირი საშუალებაა მკურნალობისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება და დღეს ამის საჭიროებაც არ არის. რომ არ იცით დიაგნოზი და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული, ეგ მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა, ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი, რადგან ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. ერთკვირიანი კამპანია რომ გაქვთ აწეული, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე ამ კამპანიას აქვს მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი. თქვენ რომ არ იცით, ეს უკვე არის ჩემთვის დიაგნოზის ცოდნა. თქვენ რომ გცოდნოდათ, პირველი გამოიტანდით ამას. რომ არ გაქვთ გამოტანილი, ე.ი. დიაგნოზი არის სუფთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასეულობით პატიმარს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით, ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან კობახიძის თქმით, ეს არის აბსურდი.
„თქვენ რომ ჩაიხედოთ სასჯელაღსრულების სისტემაში, აღმოაჩენთ ალბათ ასეულობით პატიმარს, რომელსაც ბევრად უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას ბუნებრივია საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან ეს არის აბსურდი. ასეთივე აბსურდია სააკაშვილის შემთხვევაშიც, რადგან საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაცია და არავის აქვს უფლება, სააკაშვილს მიუდგეს დისკრიმინაციულად, თუნდაც პოზიტიური კუთხით. პატიმრების მდგომარეობა უნდა იყოს თანასწორი და თანაბარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: 1tv.ge