“ოცნების” წარმომადგენლების რეაქცია გვარამიას დაკავებაზე – “არ მგონია, რომ ევროკავშირს არსებითი კითხვები გაუჩნდეს”.
“ქართული ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები გვარამის განაჩენში პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავენ. ამასთან, მიიჩნევენ, რომ მომხდართან დაკავშირებით “ევროკავშირს არსებითი კითხვები არ გაუჩნდება”.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავს დანაშაულზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, „ციმბირი უკან მოეტოვებინათ”:
“მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მიზეზი ვინმესთვის, რომ განაცხადოს და ისაუბროს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად სენსიტიური არის იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ბატონი გვარამიას მოღვაწეობა ბოლო ხანებში, ბოლო ხანებში არა, უკვე დიდი ხანია, თავისი შინაარსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტიურობა. შესაბამისადაც, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას ამისას განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეუძლია, ხელაღებით ისაუბროს, მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკურ დევნაზე, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად არის ახსნილი ის, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა. რომელიც სასამართლომ შეაფასა დანაშაულად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, “უჩენს თუ არა პოლიტიკური დევნის საფუძველზე ფიქრის საშუალებას ის, რომ სამი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მიმართ არის დაწყებული სასამართლო დევნა”, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ყველა ამ არხის ხელმძღვანელები არიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან „რომლის პერიოდშიც ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ”:
„სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სამწუხაროდ, რომ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში, ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს პირთა მხრიდან, რომლებიც არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულნი, რომ დანაშაულებს ჩადიოდნენ”.
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს გაგებას ეწინააღმდეგება დანაშაულისგან თავის არიდება საჯაროობის გამო:
– „ის, რომ შენ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, რომ შენ ამ პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ ხარ საჯარო პოლიტიკოსი, საჯარო პირი, ზოგადად, მედიასაშუალების დამფუძნებელი თუ ხელმძღვანელი, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ საუბარი მათი მხრიდან შეიძლება, იყოს ე.წ. სამართლებრივ დევნაზე, უკვე არის მიუღებელი, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც“.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ სარჩელი იყო ინიცირებული კერძო ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მიერ ინტერესების დაზიანებაზე:
“სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები “რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ და გამოუტანა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლის მიერ “რუსთავი 2”- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, “მთავარი არხი” გაქრება თუ რა მოხდება?!”.
დავითულიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გამო კითხვები არ გაუჩნდება:
“კითხვები ისმის შიგნით, ევროკავშირს, მის ოფიციალურ სტრუქტურებს, არ ვამბობ ცალკეულ წარმომადგენლებზე, ვამბობ, როგორც ოფიციალურ სტრუქტურაზე, ევროკავშირს არ მგონია არსებითი კითხვები გაუჩნდეს ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. სტრასბურგის სასამართლომდე მისასვლელი გზა არსებობს და ვნახოთ, რამდენად სამართლიანია თუ უსამართლო ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი სარჩელი, რადგან “რუსთავი 2″- ის საქმეზე ზუსტად იგივე კითხვები იყო და ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება”.
რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან გვარამიას შესაძლო შეწყალებას, დავითულიანი აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა, “ნიკა გვარამია თავად ამბობდა, რომ არ სჭირდება მისი შეწყალება და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა”.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდე ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს და არანაირი კავშირი არ აქვს მედია საქმიანობასთან და სიტყვის და ჟურნალისტური გამოხატვის თავისუფლებასთან”.
“სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილების სისწორე და კანონიერება, შედეგად „რუსთავი 2“ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს და აქაც გამოირიცხა პოლიტიკური ნიშნით ქმედება. დღესაც დაახლოებით ანალოგიური სურათი გვაქვს, როცა კონკრეტული კომპანიიდან 7 მილიონი ლარის ამოღებას და სხვა კერძო კომპანიაში გადაქაჩვას ეხება საქმე და რუსთავი 2-ის ამ კუთხით დაზიანებას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები ალბათ ზედა ინსტანციებში გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, სასამართლო იხელმძღვანელებს კანონის და ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე. ჩვენ უკვე ყველამ დავინახეთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილ- ადეიშვილის ზეგავლენიდან და დაიწყო დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება. მელაძის და ჟორჟოლიანის სასარგებლოდ რომ მიიღო სასამართლომ ორიოდე კვირის წინ გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ არაკანონიერად იქნენ გათავისუფლებულნი, მაშინ არ იყო სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული?!” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
“ოცნების” წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მიუსაჯა:
„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა, მანამდე გაჰკიოდნენ. ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი და ა.შ. ეს მათი უფლებაა. თუ ვინმეს აქვს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება, აგერ არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს თავისი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და შეუძლიათ, ქვეყანა ლაფში ამოსვარონ. ჰგონიათ, თუ ქვეყანას აგინებენ, ქულებს დაუწერენ. „რუსთავი 2“-ის თემები გადაახვიეთ და ნახავთ, რომ იგივე განცხადებები ჰქონდათ. ეს საქმე გაასაჩივრონ და ვნახოთ, რა იქნება – აგერ თქვენ, აგერ მე“.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
წყარო: accentnews.ge