“პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ უსამართლო პრეცედენტები არ იყოს”

“პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ უსამართლო პრეცედენტები არ იყოს”.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს.

ლომჯარიას თქმით, იგი მზად არის, შეხვდეს ზურაბიშვილს და საქმეზე ომბუდსმენის შეფასება გაუზიაროს.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას პატიმრობა ისეთ საქმეზე აქვს მისჯილი, რაც არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობით დანაშაული არ არის:

“პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვნახოთ განაჩენი შევისწავლოთ და აუცილებლად გვექნება ჩვენი სრულყოფილი შეფასება სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გუშინვე გავაკეთე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ, შევხვდე და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს. ამის მტკიცებულებები გვაქვს. პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”.

16 მაისს სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არასდროს მიმართავდა.

წყარო: accentnews.ge