დეგნანს ვთხოვეთ, რომ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რათა ნიკა გვარამია და მედია გათავისუფლდეს – გაბუნია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრაზე საუბარი შედგა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებს აშშ-ს საელჩოსთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე კელი დეგნანთან შეხვედრა გამართეს: “ფორმულას”, “ტვ პირველის”, “კავკასიის” და “მთავარი არხის” მენეჯერებმა.

დღევანდელი შეხვედრისგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე, მათ შორის ელჩის პასუხზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეხვედრა ელჩსა და მედიამენეჯერებს შორის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

“ეს იყო დახურული შეხვედრა, სადაც ჩვენ შესაძლო საქმიან ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ორივე მხარემ ერთობლივად, მაგრამ მთავარი, რომელიც ახლა ჩვენთვის პრონციპულად დგას ეს არის ნიკა გვარამიას თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მის სახით აშშ-ს, რომ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის იმისათვის, რომ ნიკა გვარამია და მისი სახით მედია გათავისუფლდეს და დაიბრუნოს თავისუფლება. ჩვენ ვიცით, არაერთხელ მომხდარა, რომ ამერიკას შეუძლია განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და დროებით მაინც გადმოიყვანოს “ქართული ოცნება” სწორ რელსებზე. ელჩის პასუხებთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ უბრალოდ, არ მაქვს ამის უფლება. ეს იყო დახურული შეხვედრა, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ელჩს თავის ხედვა აქვს. მოლოდინი და განწყობა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. ვისაუბრეთეთ იმეზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ პირველ რიგში, ნიკა გვარამია იყოს თავისუფალი და მითუმეტეს, ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.