ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეკონომიკური თვითმკვლელობის ტოლფასია – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ნავთობის სექტორი ძირეულ ცვლილებებს განიცდის, მაგრამ, ევროპა, უკრაინის გამო, სანქციების დაწესებით, „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ ჩაიდენს, – წერს Al Jazeera.

ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ევროპა, თავისი ქმედებების შედეგად, ენერგიის უფრო მაღალ ფასებსა და გაზრდილ ინფლაციას მიიღებს.

„ნავთობის ბაზარზე ცვლილებები ძირეული ხასიათისაა და ბიზნესის კეთება ჩვეულ რეჟიმში, ძველი მოდელის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა. ახალ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნავთობის მოპოვება, არამედ მთლიანი ვერტიკალური ჯაჭვის აგება, რომლის ბოლო წერტილიც მისი მომხმარებლამდე მიტანაა“, – თქვა მან.

პუტინის თქმით, ევროპა, „ქაოტური ქმედებებით“ არა მხოლოდ აზიანებს საკუთარ ეკონომიკას, არამედ, რუსეთისთვის, ნავთობსა და გაზზე შემოსავლების ზრდას იწვევს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ეკონომიკური თვითმკვლელობა ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეა“, – თქვა პუტინმა.