“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებას, ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს განცხადება პოლიტიკური კეკლუცობის და პოლარიზაციის გაღრმავების მაგალითია.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, “ქართული პოლიტიკა იხეირებს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება არც საქართველოს პარლამენტში და არც საერთოდ პოლიტიკაში”.
“ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე სცენარის, როდესაც ოპოზიცია გადადის ბოიკოტში და კვლავ უბრუნდება პარლამენტს. ეს ამ მოწვევის პარლამენტში უკვე მეორედ ვნახე და როგორც ჩანს 2024-მდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური კეკლუცობის და პოლარიზაციის გაღრმავების მაგალითი, სხვა ადგილი ამას რეალურ პოლიტიკასთან არ აქვს, საერთოდაც, პირდაპირ გეტყვით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, ამით პირიქით, ქართული პოლიტიკა იხეირებს,” – აცხადებს ამილახვარი.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის თქმით, ამ განცხადებაზე სერიოზულად ლაპარაკი რთულია.
“ამაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებ, თავიდან ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, რადგან ისეთ შედეგს ვერ მიაღწიეს, როგორიც სურდათ. მერე არ შემოდიოდნენ, ბოიკოტს აცხადებდნენ, “პუფები” ეძახა მათმა ლიდერმა – ვინც პარლამენტში შევაო და მეორე დღეს თვითონ შემოვიდა, ახლა “პუფებს” დაუძახებს ვინც არ გავა და მერე გავა და ისევ შემოვა,” – განაცხადა დავითულიანმა.