თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, მეორე კი 10 ივნისს დაიწყება.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 3-დან 10 ივნისამდე რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები, კერძოდ:
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო- უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
“სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები – ფორმა 100/ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com
ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე – skolamdeliregistracia2023@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ზემოხსენებული ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე ელექტრონულად დარეგისტრირდება.
მეორე ეტაპზე კი რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და აპლიკანტები ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებენ. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, სააგენტოს ცნობით, საჯარო ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყებას შეძლებენ ბავშვები, ვისაც 1 ოქტომბრამდე ორი წელი უსრულდება.
რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში ვერ მოახერხებს, მას საშუალება ექნება, რომ 13 ივნისამდე ამავე ბაღში სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე კონკრეტულ ბაღში წარადგინოს განაცხადი.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელებიც ისარგებლებენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.