ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე ერთეული ევროპარლამენტარი გამუდმებით იცავს იმ პირებს, რომლებსაც საქართველოში კრიმინალური ქმედებები აქვთ ჩადენილი. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში მედიათავისუფლების მხრივ არანაირი უკუსვლა არაა. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “დღის სტუმარი” ვიოლა ფონ კრამონის მიერ მედიის თავისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა, ასეა სხვა ტელევიზიების შემთხვევაშიც. ტელეკომპანია “მთავარიც”, “ტვ პირველიც” და “იმედიც” მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუშაობდა წინა წელს.
“სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით? ანუ, რა შეიცვალა? შარშან, გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა – წელს უარესი? არავითარი ცვლილება არ არის ამ მიმართულებით. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. აი, ამ აღქმებს აყალიბებს აქ “ნაცმოძრაობა”, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მათ შორის, სამართლის უზენაესობა. როდესაც, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთლიანი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კონკრეტული კრიმინალური ძალის მფარველები. “ნაცმოძრაობა” რა დანაშაულებს ჩადიოდა 2012 წლამდე არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა. ვიოლა ფონ კრამონი სამართლიანად რომ აფასებდეს “ნაცმოძრაობას”, მათ შორის, დღესაც და გუშინ რა იყო. რომ ჰქონოდა მაშინაც და ახლაც სამართლიანი შეფასება. გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. მან, ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს, უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა, “რუსთავი 2” გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე,” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ასეულობით დეპუტატია და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატია მხილებული კრიმინალების დაცვაში და აქ არაფერ შუაშია ევროპა, ან ევროპარლამენტი.
“ევროპარლამენტში ასეული დეპუტატია, აქედან 7-8 ევროპარლამენტარი მუდმივად აკეთებს ერთი და იგივეს – მფარველობს კრიმინალებს. რა შუაშია აქ ევროპა, ან ევროპარლამენტი. მარტივად არის აქ საქმე, ევროპის წინააღმდეგ გამოსვლასთან ამას არანაირად კავშირი არ აქვს. პირიქით, ვიოლა ფონ კრამონს, ფოტიგას და ა.შ. თავად არ აქვთ კავშირი ევროპასთან იმიტომ, რომ ბოლომდე აცდენილები არიან ევროპულ ღირებულებებს. თავის ქვეყანაში, რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ, რომ გეუბნებიან, რომ დამნაშავე არ უნდა დაიჭირო, აი, ეს არის ზუსტად აცდენა ევროპული ღირებულებების,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “დღის სტუმარში“.