რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალს“ სრულად აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც ტყვედ აიყვანეს იქ მყოფი 2 500-მდე პირი, მათ შორის, 36-ე ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.
ჯერჯერობით, აღნიშნული ცნობა არ დაუდასტურებია უკრაინის მხარეს. რუსულმა მხარემ მხოლოდ სერეგეი ვოლინას ვიდეო გაავრცელა ტყვედ აყვანის შემდეგ.
ამ წუთისათვის უცნობია, სად გადაიყვანეს ტყვედ აყვანილი უკრაინელი მებრძოლები.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე დენის პროკოპენკომ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება მარიუპოლის დაცვის შეწყვეტაზე, რათა გადაარჩინონ ჯარისკაცთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„აზოვსტალი“ 21 აპრილიდან სრულ ბლოკადაში იყო მოქცეული და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მებრძოლი, პოლიციელი და ქარხნის არაერთი თანამშრომელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს აფარებდა ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას და მტერს იქიდან უწევდა წინააღმდეგობას.