გერმანელები არ ცხოვრობენ სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას რეცეპტებით – წულუკიანი.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “იმედის” ეთერში ევროპარლამენტარების კრიტიკას გამოეხმაურა და მათ შეფასებებსა და ქართული საზოგადოების რეაქციებს ხარხარის დონის ანეკდოტი უწოდა. მისი თქმით, გერმანელები არ ცხოვრობენ სამადაშვილის “რეცეპტებით” და არც ქართველები უნდა ცხოვრობდნენ კრამონისა და იან კელის რეცეპტებით:
“დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე – სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვაო…
ეს ხარხარის დონის ანეკდოტია. ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ – ჩემით დაწყებული, სხვისით გაგრძელებული, შევწყვიტოთ, იმიტომ, რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატები” – თქვა წულუკიანმა.
წყარო: resonancedaily.com