“ცაში ნუ დაფრინავთ, მორჩით მაიმუნობას და ქვეყანას მიხედეთ, თქვე ლიმუზინებში გაჯგიმულო დამპლებო, თქვენა!…”

ახლახან დავბრუნდი ვაკის ერთი პატარა (თუმცა შედარებით გამორჩეული) ქუჩის სავაჭრო წერტიდან, სადაც ხშირად, უკვე წლებია, დავდივარ ხოლმე – მოგეხსენებათ, ყოველ წვრილმანზე ვერ ივლის ბაზარში პენსიონერი კაცი.

ორი კონა მწვანე ხახვი და ორი შეფუთვა მწვანე “სალათა” – 9 (ცხრა) ლარი!
უკვე ნაყიდი მქონდა, თან ვიცნობ იმ ხალხს და მეუხერხულა – თორემ ნამდვილად მივუყრიდი უკან. არადა, მათი ბრალიც ხომ არაა… ჩავიბურტყუნე ჩემთვის, “ასეთი მე არც პოლიტიკა მესმის და არც ეკონომიკა”-თქო და წამოვედი სახლში.
ის, რაც მე იქ ამ დილით შევიძინე, საბჭოთა ხანის “დეზერტირკაზე” მანეთამდეც ვერ გაქაჩავდა. აი, იმ უვარგისი და “ხის” საბჭოთა მანეთის დროს. თუმცა რა – ვისაც დღეს საკუთარი თავისთვის ათასობით “დამოუკიდებელი” ლარი აქვს დანიშნული პრემია-ხელფასის სახით, იმას არ კიდია?
თქვენ კი (არც კი ვიცი, ვის მივმართავ, მაგრამ გამგები გაიგებს) იარეთ ქუჩა-ქუჩა და არკვიეთ ვინ უფრო მაგარია – მიშა თუ ბიძინა. ისიც დასჭექეთ – მიშა მაგარია და თავისუფლება მიშასო, არიქა, დროზე გააფრინეთ ევროპაში – თუ აფრენს იქ გააფრინოსო… ნუ, ან პირიქით, დალპეს ციხეშიო, ყურებზეც ხახვი არ დაგვაჭრასო…

კიდევ არის ვარიანტი: მეტი ილოცეთ იმ ცალტვინა და თავისი ხალხის დამღუპველ ზელენსკიზე თუ მის იმ გათავხედებულ არესტოვიჩზე და იმაზე დარდით ატარეთ თქვენი დღე და მოსწრება, ემანდ რომელიმე “აზოველი” ნაცისტი (ან თუნდაც ბუნკერიდან ამოყვანილი ინგლისელი თუ პოლონელი ოფიცერი) ამ საზიზღარმა რუსებმა არ გაასამართლონ და რაღაც ბნელი საქმეები არ ამოუქექონო…

ჩვენ უნდა გვეზრუნა, თურმე, იმათ შეუძლებელ გამარჯვებაზეც და იმ სენატორების კუჭის მოქმედებაზეც, ვაშინგტონის დახურულ კლუბებში დღეს რომ შავ ხიზილალას მიირთმევენ, ხვალ კი ლანგუსტებს, წითელი ხიზილალა კი არ ეკადრებათ.
ერთი სიტყვით, როგორც ვატყობ, საქართველოსა და მის ეკონომიკას ისევ და ისევ ბრძენკაცები მართავენ, რომლებიც იოლად აგვიხსნიან, რომ სხვანაირად ცხოვრება, თურმე, შეუძლებელია და ამ ფასებსა და პენსიებს უნდა შევურიგდეთ, მე კი, აბა, სად მიმიწვდება მათ ინტელექტუალურ მწვერვალებამდე გონი და ხელი.
ასეთ დროს კარგი შეკურთხება თუ შველის, ოღონდ ცოტა ხნით…
მოკლედ (გამგები ამასაც გაიგებს), ცაში ნუ დაფრინავთ, მორჩით მაიმუნობას და ქვეყანას მიხედეთ, თქვე ლიმუზინებში გაჯგიმულო დამპლებო, თქვენა! თორემ ის “მიშაც” უკან დაგრჩებათ და ის ევროპაც, ასე რომ გიყვართ, – ასე თუ გააგრძელეთ.
ლავირება პოლიტიკაში კარგია, საქართველოს სხვანაირი საგარეო პოლიტიკის წარმოების ფუფუნება არც გააჩნია, მაგრამ მარტო ამისა და თქვენი ხელფასებისა და პრემიების იმედი თუ გაქვთ, ვერც თქვენ გადარჩებით და ვერც ქვეყანა. და ბოლოს ისევ “ნაცი” ბუა მოვა და დაგვაჯდება თავზე.
კეთილ ინებეთ და გაითვალისწინეთ ეს!
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, პენსიონერი, მწერალი; სოციალური ქსელი