უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში შიმშილსა და ავადმყოფობას გამოიწვევს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში ომი მსოფლიოში შიმშილსა და ავადმყოფობას გამოიწვევს.

მისი თქმით, მსოფლიო მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი, უკრაინაში მიმდინარე ომმა, კიდევ უფრო დაამძიმა.

„COVID-19-ის პანდემიას არ გამოუწვევია ომი უკრაინაში და არც ომმა გამოიწვია პანდემია, მაგრამ ისინი ახლა ერთმანეთშია გადახლართული. დღეს მსოფლიო ჯანდაცვა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას. კოვიდპანდემიის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ომმა უკრაინაში. იქ, სადაც არის ომი, მას მოჰყვება შიმშილი და ავადმყოფობა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ მასშტაბის კრიზისების დასაძლევად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა“, განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.