ლევან ხაბეიშვილი – მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“.
თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში, საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც გვარამიას საქმე შეასრულა, ვეღარ მიდის აშშ-ის დაფინანსებით და ეს შემდგარი ფაქტია.
„როდესაც მოსამართლეზე ვსაუბრობთ – ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკელების დაფინანსებით? გვარამიას საქმე, ასე ვთქვათ, რომ შეასრულა, ხომ აღარ მიდის? ეს ხომ შემდგარი ფაქტია? რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, თალაკვაძემ ნებისმიერმა, რა მნიშვნელობა აქვს. მოსამართლეები ნერვიულობენ და უნდა ინერვიულონ, აქედან მინდა, ვუთხრა მათ, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“, რადგან ხვალ, ზეგ თქვენს მამამარჩენალსაც სავარაუდოდ სანქციები ელოდება. ამასობაში, მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც რუსული პროპაგანდით ხართ დაკავებული, სერიოზული პრობლემები გექმნებათ. ამ მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში. კლანზე რატომ გწყინთ? ერთ მაგალითს მოგიყვანთ – მოსამართლე ირაკლი შენგელიას ცოლისძმაც სასამართლოში მუშაობს, დაც, დისშვილიც, დისშვილის მეუღლე – პარლამენტში და მისი ნათესავიც. მოსამართლე ილონა თოდუას მეუღლე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს, დეიდაშვილი მოსამართლეა, მეორე დეიდაშვილიც სასამართლოში მუშაობს, ბიძაშვილი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში. კლანი მეტი რა არის, თუ არა ეს კონკრეტული ფაქტები“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
წყარო: 1tv.ge