რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ სპეციალური ზომები მიიღოს და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა განცხადება გააკეთონ ფემიციდის წინააღმდეგ, გადართული არიან პროპაგანდაზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყველაფერი ოპოზიციის ბრალია.
ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითაც ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა. გასულ დღეებში ქმარმა ცოლი მოკლა, ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში ქალი დაჭრეს.
„ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლაც, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ. ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც დიდი ხანია „ქართული ოცნება“ არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა.
ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა, ისევე, როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებელ ორდერებს. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია და ფემიციდი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სამნიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ფემიციდის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.
“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო „ოცნებას”, ეს ომი არის მუდმივი, ქალები ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები: ცნობიერების ამაღლება, პროგრამები, ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამოქმედო გეგმა და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. თქვენი პროპაგანდის ფონზე ნუ გავიწყდებათ, რომ ქვეყნის შიგნით ქალებს კლავენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“ნეტგაზეთი”