ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს – პროფკავშირი

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებით, დღეს, 24 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს დანიშნული ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ცნობილი გახდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ, რომლის საფუძველს ბრძანების მიხედვით წარმოადგენს აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია.

პროფკავშირის განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად:

„ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი – მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე- ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები.

გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. ამ პროექტებით და მიღწეული წარმატებებით საეთაშორისო სამეცნიერო დონეზე ამაყობს და საქართველოს მსოფლიო იცნობს პირველი ევრპელების სამშობლოდ და ღვინის უძველეს ცივილიზაციად“ – აცხადებენ პროფესიულ კავშირში.

კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ უწყების დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან თანამშრომლები უკანონოდ გათავისუფლდნენ და აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება:

„პროფესიული კავშირის წევრები შეიკრობებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრძოლის გზებზე. ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს დასაქმებულების უფლებების დასაცავად. საზოგადოებას მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ. პროფესიული კავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილებების გადახედვას. ასევე, პროფკავშირების აქტიურ ჩართვას პროცესში“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლა იულონ და დათა გაგოშიძეები. აღნიშნულის შესახებ იულონ გაგოშიძის შვილიშვილმა, სოფო გაგოშიძემ განაცხადა.

უფრო ვრცლად კულტურის სამინისტროში მიმდინარე მოვლენების შესახებ წაიკითხეთ – წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“