მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. რა ბედი ელის იგორ დოდონს?

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. რა ბედი ელის იგორ დოდონს?

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოლდოვის მედია ხან ადასტურებდა და ხანაც უარყოფდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონის დაკავების ფაქტს.

თავდაპირველი ვერსიით, იგორ დოდონი 72 საათით დააკავეს იმ დროს, როდესაც ანტიკორუფციული პროკურატურისა და სპეცსამსახურის თანამშრომლები მის საცხოვრებელ სახლსა და სხვადასხვა ოფისს ჩხრეკდნენ.

მოგვიანებით ეს ცნობა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან უარყო მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კერპეკმა. მისი თქმით, დოდონი არ არის დაკავებული, მაგრამ იმყოფება სამართალდამცველებთან ერთად, რომლებიც ჩხრეკას ატარებენ.

„შესაბამისად, ჩხრეკის დამთავრების შემდეგ პროკურორები მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი “პროცესუალური იძულების” შესახებ და ჩვენ სხვა ინფორმაციით დაგიბრუნდებით“, – აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით პროკურატურამ დაადასტურა ცნობა იგორ დოდონის დაკავების შესახებ.

ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოს ღალატში, პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, რაც საკმარისი საბაბია მის პასუხისგებაში მისაცემად იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის პროევროპული კურსის პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი პოლიტიკური გუნდის უმთავრეს მიზანს პოლიტიკური სისტემის კორუფციისგან გაწმენდა, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის უკან დაბრუნება და სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
მაია სანდუ თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს

მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მოლდოვაში არავის უკვირს. თავის დროზე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2009-2013 წლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და პროევროპული კოალიციის ყოფილი ლიდერი, ვლად ფილატი, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უშუალოდ მონაწილეობდა საბანკო სისიტემიდან მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. პრემიერ-მინისტრის საქმიანობით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბიზნესმენი ილან შორი პროკურატურაში გამოცხადდა აღიარებით, რომ მან ფილატს რამდენიმე წლის განმავლობაში, ქრთამის სახით, 250 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზად კი იქცა დეპუტატ იური რენიცეს მიერ 2020 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ვიდეოები. მათზე ასახულია 2019 წლის ივნისში მოლდოვის ყოფილ ლიდერსა და „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს შორის გამართული საიდუმლო შეხვედრა, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა დოდონს, სავარაუდოდ, ფულით სავსე პაკეტი გადასცა.

მაგრამ თავდაპირველად მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა მამხილებელი ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რადგან, უწყების თანახმად, „შემოწმების შემდეგ არ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები“. მაგრამ ორი კვირის წინ კიშინიოვის სააპელაციო პალატამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ასევე სასამართლოს დადგენილება, რომელმაც 2019 წელს უარი თქვა დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

თუ რატომ მოიქცა მოლდოვის პროკურატურა და სასამართლო სამი წლის წინ ასე, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. იმხანად იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი იყო და ძლიერი გავლენა ჰქონდა, როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ქვეყნის მთავარი პროკურორი კი ამ პოსტზე მის მიერ დანიშნული ალექსანდრ სტოიანოგლო იყო.

მაგრამ პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონის ერა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ, რომელმაც პოლიტიკური და სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება და ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღდგენა დაისახა თავის მთავარ სამოქმედო პრინციპად.

– “ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს – კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა.

ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ” – ჰპირდებოდა არჩევნების დროს მოქალაქეებს მაია სანდუ.

წყარო: radiotavisupleba.ge