უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა საბოლოოდ ამოიძირკვოს – სარჯველაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფრხვრელად ძალისხმევის გაათმაგებაა საჭირო.
ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითაც ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა. გასულ დღეებში ქმარმა ცოლი მოკლა, ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში ქალი დაჭრეს.
სარჯველაძემ გარდაცვლილის ოჯახს, საზოგადოების სახელით ბოდიში მოუხადა.
– “ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ქალთა მიმართ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები. ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს იმაზე თუ, რისი გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით, რათა ასეთი ფაქტები თავიდან აგვეცილებინა. დიახ, უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ფემიციდი, ქალთა მიმართ ძალადობა ზოგადად ამოიძირკვოს ჩვენი საზოგადოებიდან საშვილიშვილოდ, სადაც მას ჩვენდა საუბედუროდ და სამარცხვინოდ, მაინც მკვიდრად აქვს ფესვები გადგმული. ჩვენი სამძიმარი და მთლიანად საზოგადოების სახელით ჩვენი ბოდიში გარდაცვლილის ყველა ახლობელს, მათ შორის შვილებს” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
წყარო: ptn.ge