“გვერდით ჯიპმა გამიჩერა, ვიცანი და დავილაპარაკეთ, 4 ბინა უყიდია, ჯერ გამიხარდა მაგრამ მერე ისეთი რამ მითხრა სიმწრით გამეცინა”.
ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქ ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში” პოსტს აქვეყნებს:
“სიმწრისგან თუ გაგიცინიათ? – ალბათ ყველას …
შუქნიშანზე წითელი აინთო, დავამუხრუჭე, გვერდით ძვირადღირებული “ჯიპი” ჩამიდგა, მძღოლი სახეგაბადრული მიყურებს. ვიცანი, დიდი ხნის ნაცნობი იყო, წლებია არ მენახა, გადავაყენეთ მანქანები, ტრადიციული მისალმება, მოკითხვა.
გავიგე, ბინა უყიდია 4 ოთახიანი, მეუღლე და სამი შვილი ყავს, კარგი მანქანა.
გამიხარდა გულწრფელად – ეტყობა კარგად ხარ, კარგია ძალიან-ვუთხარი.
– დედა-მამა? – ვკითხე.
– დედა ამერიკაშია 15 წელია, მამა აქ “ჩემთან” ხანდახან სოფელში მიდის, თუ არადა უბნის “ბიჭებთან” გაყავს მთელი დღე.
– 15 წელი? გამიკვირდა- აღარ ჩამოდის?
– ჩამოდის? აქ რა უნდა აკეთოს, ამხელა ოჯახს შენახვა არ უნდა, მე ვერ ვმუშაობ, ბავშვები დამყავს სკოლაში, ცეკვაზე, მუსიკაზე, კალათბურთზე, მეუღლე ოჯახში, ამდენ ადამიანს ჭამა ხომ უნდა..
– ჰმ- სიმწრისაგან გამეცინა და ძვირადრირებული “ჯიპისკენ” გავაპარე მზერა.
– კაი მანქანაა არა, მოგეწონა? – მკითხა.დედაჩემს კარგად უხდიან, ერთ ბებოს უვლის.
– კარგია, კარგი, მე ნაკლები წვის ვიყიდე, ძვირია საწვავი და ჩემს მანქანას გავხედე, მისი მანქანის ღირებულების მესამედი რომ ღირდა.
– ეს გყავს? აუ “ჯიპი” ჯობია, დამიჯერე და კმაყოფილება გაუკრთა თვალებში.
– ამ დღეებში დაბადების დღე მაქვს, რესტორანსი ვიხდი, დაგირეკავ…
საათს დავხედე, მეჩქარებათქო და სასწრაფოდ გამოვემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი. წავიდა. დიდხანს ვიჯექი საჭესთან, და ვფიქრობდი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…
– “რა უნდა აკეთოს? დიდ ოჯახს შენახვა უნდა “- თავში მიკაკუნებდა ეს სიტყვები.
– “რა უნდა აკეთოს?”
65 წლის ასაკში რა უნდა აკეთოს? უცხო ქვეყანაში “ერთ ბებოს” კი არ უნდა უვლიდეს, იმისთვის, რომ შენ ძვირადღირებული მანქანით იარო და თავი მოიწონო და დიდი ოჯახი კი არ უნდა არჩინოს, შენ არჩინო, იცი რა უნდა აკეთოს? ამ ასაკში თავის სამშობლოში, თავის სახლში უნდა იყოს და უზრუნველ სიბერეს თუ ვერ შეუქმნი, ტვირთად მაინც არ უნდა დააწვე შენი ცოლ-შვილით.
მეუღლე დროის გაყვანაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, თავის მეუღლეს მ ე უ ღ ლ ე დ უნდა ედგეს გვერდით.
თუ გიფიქრიათ მამ-შვილს და გიკითხავთ-როგორ არის (არა ზედაპირულად) რა სტკივა, რა უნდა, რა და როგორ მოსწონს, თქვენ აქ რომ დროის გაყვანაზე ფიქრობთ, ის დრო მისთვის წუთები საუკუნო ჯოჯოხეთად ქცეულა, მონატრების ჯოჯოხეთად, გიფიქრიათ თუ როგორ ელოდება ღამეს, არა იმისთვის რომ დაიძინოს, არამედ თქვენზე იფიქროს და ფიქრებით მაინც იყოს თქვენთან.
მე შენს ძვირადღირებულ “ჯიპს” ჩემი იაფფასიანი მანქანა მირჩევნია და ეს მანქანა იმისთვის მაქვს, რომ შენსავით კი არ მოვიწონო თავი, არამედ იმისთვის, რომ დედას მოვემსახურო, რათა სიბერეში ფეხები არ დაეღალოს.
მე ზუსტად ვიცი, რომ არ მოვალ შენს დაბადების დღეზე რესტორანში, სადაც ალბათ დედის სადღეგრძელოს შეზარხოშებული ყანწით დალევ და თუ მე ვერ დავლევ, აღშფოთდები და მეტყვი:
– როგორ, დედის სადღეგრძელოს არ დალევ? დედა არ გიყვარს?
ეხ, შენ რაიცი რა არის დედის სიყვარული.
მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე, რადგან მე ვიცი ამ ლამაზი სუფრის უკან რამდენი ცრემლი, ტკივილი, უძილოდ ფიქრებში ნათენები ღამე, სევდა და დარდი იმალება.
მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე.
…რადგან შენ იქ, შუქნიშანთან დამთავრდი ჩემთვის და არც არასდროს დაბადებულხარ-სიტყვებით:
“აქ რა უნდა აკეთოს?”.
მუხლს ვიყრი და ქედს ვიხრი ქართველი ემიგრანტი დედების და ცოლების წინაშე, თქვენ ორდენის გარეშე დარჩენილი გმირები ხართ.
წყარო: sport24.ge