საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას “სახის გამომეტყველებასთან” დაკავშირებით იუმორისტული პოსტით უპასუხა.
“ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება კაცს…” – წერს ვოლსკი “ფეისბუქზე” და ლევან ბერძენიშვილის ფოტოს აზიარებს.
“ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” ლევან ბერძენიშვილმა ილაპარაკა, ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის წევრების მიერ ევროპარლამენტარების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე. ამასთანავე, იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში სხედან, არ სჯერა, რომ საქართველო სასურველ სტატუსს მიიღებს.
“ყველამ ყველაფერი თქვა. ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად არ მიიღონ. ამ კაცს სახეზე აწერია, რომ მართავს “საბჭოთა კავშირი”.
სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია. ბათუმს დღემდე ახსოვს პოლონელი და გაქართველებული ვოლსკი, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება, არამარტო ბაგრატიონის გვარში ხდებოდა, სხვაგანაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ასეთი რამ. დიახ, ამათ გამონათქვამები ისეთი აქვთ, რომ ვიოლასაც უნდა ეწყინოს, ფოტიგასაც და ყველას.
საერთოდ, მათ იპოვეს ევროპის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარდა და აინტერესებდა და იმათ აგინეს პირდაპირ, თითქოს პირდაპირ მოსკოვის რომელიღაც კაბინეტშია დაწერილი მათი ტექსტები. ვინც იცის ჩვენი ქვეყანა, ვისაც უყვარს, იმათ აგინეს ყველას, მტერიც რომ არ იზამს, ისეთ რამეებს აკეთებენ.” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.