დეპუტატების კითხვები მინისტრებს

დღეს, პარლამენტარები ინტერპელაციის წესით, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ილია დარჩიაშვილს, ლევან დავითშვილსა და რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის – ის პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” დაიბარა. მმართველი გუნდის წევრებს ილია დარჩიაშვილისგან, დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირში საქართველოს განაცხადის შესახებ აინტერესებთ. იგივე საკითხზე აპირებს კითხვების დასმას ოპოზიციაც.

რა გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და ინფლაცია  – ამ თემებზე დეპუტატების შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრი უპასუხებს.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, კი საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრი მივა.  მასთან კითხვები აქვთ პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თითოეულ მინისტრს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 2 საათი და 45 წუთი ექნება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მათ დაიბარეს იუსტიციის მინისტრი, რადგან მან გასცეს პასუხი თუ რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების სისტემაში, შეესაბამება თუ არა იგი საერთაშორისო სტანდარტებს, რა დარღვევებია და რა თქმა უნდა საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილზე, მის ჯანმრთელობაზე, მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. ასევე, გოცირიძე ამბობს, რომ დაყენებული იქნება მოთხოვნა ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ საუბარი იქნება ევროინტეგრაციის საკითხზე, პრობლემებზე ამ მიმართულებით, ასევე სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით.