საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 27 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესვლა შეზღუდული იქნება ყველა პირისთვის, გარდა თავად დეპუტატებისა და მედიის წარმომადგენლებისა.
ამის მიზეზია მთავრობის წევრების მისვლა, რომელთაც ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ. დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხონ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თითოეული მათგანისთვის საკანონმდებლო ორგანოში გათვალისწინებულია 2 საათი და 45 წუთი. ინტერპელაცია ითვალისწინებს მთავრობის წევრებისთვის კითხვების დასმას და დებატებს.
დეპუტატებს აინტერესებთ, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას არ შეექმნას პრობლემები, რას აკეთებენ კონკრეტული უწყებები, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა. ასევე, კითხვები შეეხება ციხეებში არსებულ ვითარებასა და ინფლაციის ფონზე ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს.