საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, 2021 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლებში 6.3 პროცენტული პუნქტით და 21.3 პროცენტი შეადგინა.
2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში — 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში — 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი).