ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში 27 მაისს გაზის ბალონის აფეთქდების შემდეგ, შაბათს, 28 მაისს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსის მცხორებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირია და მათ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ კორპუსს საფრთხეს უქმნის.
ამასთან, ისინი ფოთში არსებულ ზოგად ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ და უჩივიან ქარხნის გამონაბოლქვსაც.
მოსახლეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ითხოვენ ან საწარმოს გაჩერებას, ან გადასახლებას. „სხვა შემთხვევაში ჩვენი აქციები გაგრძელდება“, – უთხრა ტვ „ფორმულას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საწარმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ „ჩვეულებრივი საწარმო პროცესი“ მიმდინარეობს და „პატარა ბალონი შეყვა, როგორც ჩანს, გაუფრთხილებლობით“.
„უსაფრთხოების ნორმები, რაც არის, მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ, მაგრამ არის საწარმოო პროცესში [გაუთვალისწინებელი შემთხვევები]. ევროპის დონეზე რომ ვთქვათ, იქაც ხდება ასეთი რაღაცები“.
ადგილობრივი ორგანიზაცია, „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ აღნიშნული ქარხანა ფოთში „ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, რასაც ხელისუფლება აიგნორებს და პრობლემას არ იმჩნევს“.
27 მაისს, ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში, შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიაში“ აფეთქება იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ფოთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აფეთქების შედეგად არავის დაშავებულა.
ფოთის მერიის ინფორმაციითვე, აფეთქება სავარაუდოდ ბალონმა გამოიწვია, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
„ბათუმელები“ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, გიორგი ნანავასაც ესაუბრა. მისი თქმით, ღუმელში შემთხვევით მოხვდა გაზის დაუჭრელი ბალონი, რომელიც ტემპერატურაზე აფეთქდა.
„ცეცხლი არ გაჩენილა, კვამლი რაც ჩანდა, ეს იყო საწარმოო მტვერი, რადგან შემთხვევით ღუმელში მოხვდა დაუჭრელი გაზის ბალონი. როგორც წესი დაჭრილი ჯართი იყრება ღუმელში, მაგრამ ეს ერთი ბალონი დაუჭრელი შეჰყოლია, სამწუხაროდ“ – ამბობს იგი.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად არავის დაშავებულა. „არ უნდა მომხდარიყო ნამდვილად, მაგრამ მოხდა ასეთი შემთხვევა, ამიტომ გავაუმჯობესებთ ტექნიკურ ზედამხედველობას“ – გვითხრა მან.
“ნეტგაზეთი”