თურქეთმა პირველ მოლაპარაკებებზე შვედეთ-ფინეთის ნატოში გაწევრება დაბლოკა – “სანამ ერდოღანია თურქეთის სათავეში, ვერ ვიტყვით “დიახ” მათთვის, ვინც მხარს უჭერს ტერორიზმს” (ერდოღანი)

კვირა, 29 მაისი, 2022, სტამბული (dpa) – თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიფ ერდოღანი იცავს თავის ვეტოს ნატოს ჩრდილოეთის გაფართოებაზე შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებების შემდეგაც კი.

„სანამ ტაიიფ ერდოღანი დგას თურქეთის სახელმწიფოს სათავეში, ჩვენ ვერ ვიტყვით „დიახ“ ნატოში გაწევრიანებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს“, – განაცხადა თავად ერდოღანმა, იტყობინება კვირას გაზეთი Hurriyet. ერდოღანი აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას ესაუბრა თურქ ჟურნალისტებს. ოთხშაბათს სკანდინავიის ორი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ისე არ წარიმართა, როგორი მოლოდინიც იყო, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნებმა არ გადადგეს სასურველი ნაბიჯები.

მაუწყებლის SVT-ის კითხვაზე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თქვა, რომ არსებობს სხვადასხვა დიპლომატიური ძალისხმევა გაწევრიანების პროცესში, თუმცა უფრო დაწვრილებით კომენტარზე შვედმა მინისტრმა უარი თქვა.

თურქეთი ამჟამად ნატოს ერთადერთი წევრია, რომელმაც საჯაროდ დაბლოკა ორი სკანდინავიური ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების პროცესის დაწყება. ანკარა თავის პოზიციას ამართლებს ფინეთისა და შვედეთის მხრიდან „ტერორისტული ორგანიზაციების“ (როგორიცაა თურქეთში აკრძალული ქურთების მუშათა პარტია PKK) სავარაუდო მხარდაჭერით.

ანკარა ასევე ითხოვს სავარაუდო ტერორისტების ექსტრადირებას ორივე ქვეყნიდან. უცნობია, კონკრეტულად რომელ პირებს გულისხმობს თურქული მხარე. თურქული მედიის ცნობით, ექსტრადიციის სიაშია შვედეთში მცხოვრები ხელისუფლებისადმი კრიტიკული გამომცემელი რაგიპ ზარაკოლუ.

თურქეთის კიდევ ერთი მოთხოვნა არის იარაღის ექსპორტის შეზღუდვების მოხსნა.

2019 წელს სირიაში ქურთული მილიციის YPG-ის წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო შეტევის შემდეგ, შვედეთმა, ფინეთმა და გერმანიამ,  თურქეთში იარაღის ექსპორტი შეაჩერეს. თურქეთი YPG-ს PKK-ის ფილიალად მიიჩნევს. თუმცა, YPG-ის მეთაურობით სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აშშ-ს ახლო მოკავშირეა სირიაში ისლამური სახელმწიფოს (IS) ტერორისტული მილიციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ერდოღანი სირიაში ახალი შეტევით იმუქრება
მეზობელ სირიაში თურქეთის შესაძლო ახალ სამხედრო შეტევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა ტერორიზმთან ბრძოლაში. თუ აშშ ამ ამოცანას არ შეასრულებს, თურქეთი თავის თავზე თვითონვე იზრუნებს. მან გაიმეორა ხშირად წარმოთქმული მუქარა: თურქ სამხედროებს ღამით მოულოდნელად დარტყმა შეეძლოთ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს PKK-ის წინააღმდეგ მეზობელ ერაყში, მაგრამ სირიაში სიტუაცია იგივეა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც. ერდოღანი წინა ორშაბათს უკვე დაიმუქრა სირიაში ახალი შეტევით.

წინა სამხედრო ოპერაციები სირიაში, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო ქურთული მილიციის YPG-ის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ სირიაში თურქეთს უკვე აქვს ოკუპირებული სასაზღვრო რეგიონები და თანამშრომლობს მეამბოხე ჯგუფებთან. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კი რუსეთი უჭერს მხარს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი შეტევის შემთხვევაში, თურქეთი თავის ქმედებებზე მცირე წინააღმდეგობას ელის – რუსეთისგან უკრაინაში ომის გამო და აშშ-სგან ნატოს გარშემო ატეხილი დავის გამო.