“ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“მე ღრმად მჯერა, რომ საქართველოს დაჭაობების მიზეზი არის არა ქართველი ხალხი, არამედ ქართული ელიტა (კარგი და არა ელიტისტური გაგებით).
ქართველი ხალხი არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს 70 წლიანი ბოლშევიკური ტირანიის შედეგად განადგურებული საზოგადოება, რომელსაც ტვინი ამოაცალეს – ელიტა გაუნადგურეს, მოკლეს ყველა, ვისაც დასავლურად ეცვა, არათუ ფიქრობდა.
დღეს, ჩვენს წინსვლას ხელს უშლის არა ქართველი ხალხი, არამედ ის, რომ სტალინის მიერ განადგურებული ქართული ელიტის ღირსეული, ჭკვიანი ხალხით ჩანაცვლება ვერ ხერხდება – ძალიან ცოტაა სარაჯიშვილი და ზუბალაშვილები – თავისუფლების დაცვა კი ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ.
საზოგადოების წინსვლას განაპირობებს კრეატიული უმცირესობა რომელსაც შესწევს უნარი საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს მორალურად და პრაგმატულად სწორი გამოსავალი გამოუნახოს და სხვები შთააგონოს.
დამფუძნებელი მამები არ ყოფილან მილიონები – ერთეულები იყვნენ.
არც განმანათლებლები ყოფილან მილიონები – ერთეულები იყვნენ.
არც თერგდალეულები ყოფილან მილიონები – ერთეულები იყვნენ და ჩემი აზრით, სწორმა ხალხმა ვერც გაიმარჯვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაგრამ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მათი იდეების რეალიზაციაა და ეს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა – ქართველებმა აირჩიეს ის ხალხი.
ამიტომ მაქვს სასტიკი ბრაზი იმ ადამიანების მიმართ ვინც თავს ელიტას მიაკუთვნებს – მათ ვაბრალებ ამ ქვეყნის დაჭაობებას. მათმა უუნარობამ, არსებული გამოწვევებისთვის მორალურად და პრაგმატულად გამართლებული გამოსავალი მოეძებნათ, ჩაგვაფლო ამ ჭაობში. (საკუთარ თავზეც ვბრაზობ – დიდი დრო დავკარგეთ).
ამიტომ მიმაჩნია ახალი ადამიანების ძიება და ახალგაზრდა, რეგენერირებული ტვინებით საქმის კეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
ვისაც ახლა ტელევიზორებში ვხედავთ, ამ ხალხით არაფერი გამოვა – პირიქით, ეს ხალხი პოლიტიკას სახელს უტეხს და პატიოსან, გონიერ ადამიანებს ამ სფეროში მოსვლის სურვილს უკარგავს.”