ტუნბერგს პოპულარობით ზელენსკიმ გადაასწრო, მაგრამ დიდხანს? ექსპერტთა აზრით, რამდენიმე თვეც და…

კოლექტიური დასავლეთის მიერ ზომაგადასულმა უკრაინულმა თემამ არა მარტო ევროპა-ამერიკის მოსახლეობის ტვინი დაიპყრო, არამედ აფრიკის, ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და მრავალი სხვა ქვეყნის, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

დასავლურმა PR-მანქანამ ყველა რეკორდი მოხსნა უკრაინის ომთან დაკავშირებით და შექმნა სურათი უმწეო კრავისა, რომელიც ეს-ესაა რუსული დათვის ხახაში აღმოჩნდება.

უკრაინის განდიდებასთან ერთად მიმდინარეობს რუსეთის დამცირება, ამ ქვეყანაში საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ყოველივე საინტერესოსა და საგულისხმოს მიწასთან გასწორება.

კოლექტიური დასავლეთის მიერ  „გმირად“ შეფასებულ უკრაინას, გმირი მეთაურიც ჰყავს, რომელიც „თავდადებით“ იღვწის უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის.

ამ მეთაურის გვარი, ზელენსკი, უკრაინაზე მეტად არის პოპულარული მთელს მსოფლიოში. ეს პოპულარობა მას მისმა გაკეთებულმა საქმეებმა კი არ მოუტანეს, არამედ კოლექტიური დასავლეთის რეკლამამ.

სწორედ მან გადაწყვიტა ტანმორჩილი, დაბალი დონის მსახიობისა და კომიკოსისგან, ბუმბერაზის გამოძერწვა, რასაც მიაღწია კიდეც.

დამისახელეთ თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერი, სპორტსმენი, რომელიც ზელენსკისნაირი პოპულარობით სარგებლობს.

სამხედრო მაისურში „გამოწყობილი“ ზელენსკი, მსოფლიო ლიდერებს ისე ხვდება, თითქოს მისთვის ჩვეული ყოველდღიურობა იყო ა.წ. 24 თებერვლამდე.

მაშინ, მათთან საუბარი კი არა, ერთ დარბაზშიც ყოფნა, ზელენსკისთვის აუხდენელი ოცნება იყო. დღეს, ყველა ქედს იხრის მის წინაშე. ერთმანეთს ეცილებიან, ვინ ჩაასწრებს კიევში „გმირთან“ შესახვედრად.

დასავლურმა PR-მანქანამ მსოფლიოში ჯერ არნახული ინოვაცია შემოგვთავაზა — სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტისთვის წვერმოშვებული, მაისურიანი ზელენსკის მიმართვა.

აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტის გამოკლებით, რომელი ქვეყნისას არ მიმართა „გმირმა“? მასპინძლები, ფეხზედამდგარნი უკრავენ ტაშს, „გულდათუთქულნი“ იზიარებენ მის ყოველ სიტყვას — რუსოფობიით გაჟღენთილს, შედიან მის და მისი ქვეყნის მდგომარეობაში, რომლის შესახებ ზელენსკის დიდ ეკრანზე გამოჩენისას გაიგეს.

ზელენსკი არა მარტო პარლამენტებს მიმართავს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებათა დამსწრეებსაც — კანის ფესტივალის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის, გაეროს უშიშროების საბჭოს.

ზელენკი გმირია, იმაზე მეტი ვიდრე თინეიჯერი ტუნბერგი იყო. გახსოვთ ალბათ, მეტიჩარა არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც „ხმალამოღებული“ იბრძოდა მსოფლიოს ეკოლოგიური სისუფთავისთვის.

ტუნბერგი სრულწლოვანია, მაგრამ მისმა ეკოლოგიურმა მოწოდებამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. არათუ დიდს, მცირედსაც ვერ, რაც არსებული რეალობის შედეგია — ფანტაზიისგან დაშორებულის.

ისე კი „მწვანე ენერგეტიკამ“ იმედი გააჩინა ხალხში, ცხადია აბსტრაქტულად მოაზროვნეებში და მრავალი ქვეყნის ტერიტორია დაფარა მზისა და ქარის ენერგიის გამოსამუშავებელი ძვირადღირებული დანადგარებით.

შედეგი?  — სავალალო, ამერიკა-ევროპის გაყინული მოსახლეობა ცივ ზამთარში.

ბუნებრივ აირზე, ქვანახშირსა და ბენზინზე, ისე, როგორც ბირთვულ ელექტროსადგურებზე უარის თქმამ, ლანძღვა-გინება არ მოაკლო ევროპა-ამერიკის ფანტაზიორ პოლიტიკოსებს, მთავრობებს.

ვიღას ახსოვს ტუნბერგი. ის ისტორიას ჩაბარდა, როგორც PR-ს წამიერი გაელვება, მაგრამ ამბობენ, ჩაბარდა ჯიბეგასქელებული. ტუნბერგს საკუთარი თავისთვის ტყუილად არ „უღვაწია“.

აი, ამ ტუნბერგს პოპულარობით ზელენსკიმ გადაასწრო, მაგრამ დიდხანს? ექსპერტთა აზრით, რამდენიმე თვეც და მისი პოპულარობა დასრულდება — რუსეთის მიერ უკრაინაში ფეხისმოკიდებასთან ერთად.

ზელენსკი და მისი გუნდი სამშვიდობოს გააღწევს და იქ იღვაწებენ, როგორც დევნილობაში მყოფი ხელისუფლება. მას მაშინაც მიაქცევს დასავლეთი ყურადღებას, მაგრამ ნაკლები დოზით და აღმაფრენით, ისე, როგორც ამას აკეთებს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ვითომ გამარჯვებული ტიხანოვსკაიას ან თუნდაც ვენესუელის „პრეზიდენტ“ გუაიდოს მიმართ.

გუაიდოს შემთხვევა ხომ საარაკოა თანამედროვე მსოფლიოში?! აქ PR-თან ერთად ამერიკა-ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლება იყო ჩართული. სწორედ მათ აღიარეს ოპოზიციონერი გუაიდო პრეზიდენტად, არჩეული პრეზიდენტის მადუროს სანაცვლოდ. დემოკრაtიაც ამას ჰქვია!!! დასავლური ჭეშმარიტი დემოკრატია, რომელსაც ასე ეტრფის საქართველო.

აი, ეს არის ის დასავლური ფასეულობები, რომელსაც სისტემატურად ჩაგვჩიჩინებენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება.

დღეს, გუაიდო არსად ჩანს. პრეზიდენტ მადუროს კი საჯდომს ულოკავს ბაიდენის ადმინისტრაცია — ამერიკისთვის ნავთობის მისაწოდებლად. მადუროს ახსოვს ბაიდენის წინამორბედის ოინები, ამდენად უჭირს ბაიდენს მისი დაყოლიება. მადურომ იცის, რომ მთხოვნელის როლში მყოფი ამერიკისგან კარგს არაფერს უნდა ელოდეს, ამიტომაც არ თანხმდება გარიგებას.

ზელენსკი წავა და თან წაიღებს PR-ით დაგროვილ პოპულარობას, მაგრამ მარტო ამას? დასავლური მედიის მიხედვით, ზელენსკი თან წაიღებს, უფრო სწორედ მიაკითხავს ევროპაში მის სახელზე არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, ევროპის ბანკებში ჩადებულ მილიარდებს.

უკრაინის 30-წლიან „დამოუკიდებელ“ ცხოვრებაში ხელისუფლებაში მყოფთა გამდიდრება ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორიც ჰაერით სუნთქვა. უკლებლივ ყველა პრეზიდენტმა ჰაერის ჩასუნთქვას, მილიარდებიც მიაყოლეს. პრეზიდენტებს, თავი რომ ობლად არ ეგრძნოთ, მხარი ყველა დონის მოხელემ აუბა და შეიქმნა სახელი „უმწიკვლო“ ქვეყნისა, რომელსაც კორუფციაში გაწაფული ამერიკელებიც მექრთამეობის გაფურჩქვნაში ადანაშაულებენ.

ზელენსკი, დასავლელ მავანთა საფუძვლიანი მტკიცებით, 4 მილიარდი დოლარის პატრონია. მართალია, ის, ჯერ-ჯერობით ვერ უსწრებს ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს, თუნდაც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვს, ანდა თავდაცვის დღევანდელ მინისტრ რეზნიკოვს, მაგრამ მას აქვს დრო.

თითო დღეს მისთვის მსუყე თანხები მოაქვს, ისე, როგორც მისი გუნდის წევრებისთვის. ომი, გამდიდრების ნაცადი გზაა, ისეთი ავაზაკებისთვის, როგორიც ზელენსკია.

პარლამენტის წინაშე გამოსული ზელენსკი, შესანიშნავად ასრულებს სიკვდილის წინაშე მდგომი გმირის როლს, რითაც მილიონობით გულუბრყვილო ადამიანის სიმპათიას იმკის, მაგრამ ვკითხოთ დასავლურ PR-მანქანას — რას ემსახურება ზელენსკის თამაში? ფულის შოვნას! დიდი ფულისას!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი