“ამასწინათ, ვიმგზავრე კახეთის მიმართულებით…ტაქსი რომ დაიძრა, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მივიხედე და…”

მწერალი და ბლოგერი დავით ჩუტლაშვილი სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს :

ამასწინათ ტაქსით ვიმგზავრე კახეთის მიმართულებით. გვერდით მომიჯდა ასე ოცდახუთიოდე წლის გოგო, ხოლო უკან – შუახნის ასაკის ქალი (როგორც მერე გავიგე, ჩემ გვერდით მჯდომი გოგოს დედა).

ტაქსი რომ დაიძრა, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მივიხედე და ჩემსკენ გადმოხრილი მსუქანი სახე დავინახე.

“იცოდე, გზაში არ დაიძინო,” მითხრა ჩემ უკან მჯდომმა მსუქანსახიანმა შუახნის ქალმა. “დაგეძინება და მერე მხარზე ჩემ გოგოს თავს დაადებ. მე კიდევ ეს ერთი გოგო მყავს მარტო. პატიოსნად ვზრდი.”

გავშტერდი და დაბნეულმა ჩავიბურტყუნე, უიმე, არა, როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, არ დავიძინებ-მეთქი. მერე ფიქრებში წავედი. ვფიქრობ: “რა მოხდება, შემთხვევით მართლა რომ ჩამეძინოს და ძილში თავი ამ გოგოს მხარზე დავადო? მერე ამ გოგოს დედამ პოლიცია რომ გამოიძახოს და ჟურნალისტებმა დაწერონ, რომ მე გოგოს მხარზე დავადე თავი. მერე ამას გენდერ-ზონდერები გაიგებენ. ჰოდა, ახლა მაგათი ფეისბუკ-გვერდები დამიწყებენ ლანძღვას. მერე დამიჭერენ ციხეში, მერე…” ამ ყველაფერზე ვფიქრობ რა თქმა უნდა ჩემთვის დამახასიათებელი მსუბუქი ირონიით და ჩუმად მეცინება. რადგან ჩაძინება აკრძალული მაქვს, ვრთავ კლიპს You Tube-ზე და უცებ ისევ მხვდება მხარზე ხელი, ოღონდ ახლა უკვე უწინდელზე ბევრად უფრო მაგრად. მზერას ვატრიალებ უკან და ვხედავ, რომ სქელი სახე გააფთრებით მომშტერებია:

“ახლავე შეწყვიტე ამ გარყვნილი მაიმუნობების ყურება,” მეუბნება ჩემ გვერდით მჯდომი გოგოს დედა და სმარტფონის ეკრანზე მითითებს.

“მითვალთვალებთ, ქალბატონო?” ღიმილით ვეკითხები მე.

“მეტი საქმე არ მაქვს შენ გითვალთვალო… ახლავე გამორთე და ჩემ გასათხოვარ გოგოს მაგ საზიზღრობებს ნუ აყურებინებ.”

ძალიან აღვშფოთდი და შეკამათება დავაპირე. მაგრამ მერე დამეზარა. მორჩილად გამოვრთე სმარტფონი და იმაზე ფიქრი დავიწყე, შეიძლება თუ არა სიყვარული იყოს მარადიული.

ბარჯისხევში სანამ შევიდოდით, ჩემ გვერდით მჯდომ გოგოს ჩაეძინა და მხარზე დამადო თავი. უკან მივიხედე და დავინახე, რომ მის დედასაც ეძინა.

დედას და შვილს მთელი საათი ეძინათ, სანამ ტაქსი კახეთის ერთ ძალიან ლამაზ და საყვარელ სოფელში შევიდოდა და ჩემი თანამგზავრები დარცხვენილი სახეებით საკუთარ სახლთან ჩაბარგდებოდნენ.