ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, გაფიცულია 400 ადამიანი, დასაქმებულების გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„დილის 06:00 საათიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა არის გაჩერებული, არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნებია – უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა. დაახლოებით, 400 ადამიანია გაფიცული. ორივე ქარხანა გაჩერებულია. სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ დავიცავით კანონმდებლობა, ჩვენ წარმოგვეშვა კანონიერად გაფიცვის უფლება და გავიფიცეთ იმ დრომდე, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” დიასამიძემ.