ეგვიპტური ინვესტიციით კასპში “ჰოლივუდ სითი“ აშენდება – რატომ შეირჩა კასპი?

კასპში, სოფელ წინარეხთან, მულტიფუნქციური კომპლექსი „ჰოლივუდ სითი“ აშენდება. პროექტს საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ ახორციელებს.

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს „სვიფ ლენდი“ 2021 წელსაა რეგისტრირებული და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ეგვიპტის მოქალაქე მაჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედია.

როგორც bm.ge-ს „სვიფ ლენდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ელბაქიძემ განუცხადა, „ჰოლივუდ სითის“ პროექტის მთლიანი ფართობი 14 ჰა-ზე მეტია, თუმცა მშენებლობა მხოლოდ მესამედზე განხორციელდება, დანარჩენი ტერიტორია კი ბუნებრივი ლანდშაპტი იქნება. კომპლექსი გასართობ და სპორტულ სივრცეებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებს და კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით კინოს შემსწავლელ ცენტრს გააერთიანებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ადგილზე მცირე ზომის გადასაღები მოედნები მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის განხორციელება და კინო გადაღებების წარმოება იქნება შესაძლებელი. ამასთან, არსებულ კომერციულ ფართში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბაზრობაც მოეწყობა, სადაც ადგილობრივები თავიანთი მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზუსტი მოცულობა ამ დროისთვის განსაზღვრული არაა, თუმცა წინასწარი შეფასებით, საუბარია მინიმუმ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე.
„ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. 8 ვილის საძირკველი უკვე ჩასხმულია, სამშენებლო პროცესი ეტაპებად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი 2022 წლის დეკემბერში დასრულდება, სრულად პროექტს მთლიანი ინფრასტრუქტურით 2024 წლის პირველ ნახევარში ჩავაბარებთ“, – აცხადებს ის.

BM.ge-ს შეკითხვას – თუ რატომ შეირჩა კომპლექსის ლოკაციად კასპი – ირმა ელბაქიძე ასე პასუხობს:

„დღეს საქართველოში არის პოპულარული ლოკაციები, რომელთაც დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ასევე გვაქვს ლოკაციები, სადაც ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაა საჭირო. ასეთად მიგვაჩნია კასპი. უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ბუნება და ისტორიული ფასეულობის მატარებელ მხარეში, ვთვლით, რომ ასეთი პროექტის განხორციელება მომგებიანი, როგორც ინვესტორისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ განვითარებას თუ დასაქმებას, გარშემო სოფლების თუ მთლიანად რეგიონის მაცხოვრებლები ყველა ბენეფიტით ისარგებლებენ. რეგიონისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა რაოდენობაც – უკვე 3 ადამიანი დავასაქმეთ, სამუშაოების მატებასთან ერთად ეს რიცხვი 10-ჯერ გაიზრდება“, – ამბობს ის.