კიდევ ერთი დადებითი სიგნალი თბილისს ცხინვალიდან და მოსკოვიდან – გაგლოევის გადაწყვეტილება

როგორც უკვე ცნობილია, რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაარწმუნა, რომ მოსკოვი არანაირ მხარდაჭერას არ აღმოუჩენდა ცხინვალში, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ბიბილოვის მიერ დანიშნულ ე. წ. რეფერენდუმს.

30 მაისს საღამოს კი გავრცელდა ცნობა, რომ ახალმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, შეაჩერა თავისი წინამორბედის ბრძანებულება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

გაგლოევმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს შემდგომ ინტეგრაციას რუსეთთან, მაგრამ დავალება გასცა, რომ ჩატარდეს მასშტაბური კონსულტაციები მოსკოვთან, ამ პროცესთან დაკავშირებით.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაგლოევმა ხაზგასმით გამოჰყო შემდეგი: პრობლემების ცალმხრივი გადაწყვეტა, რომლებიც რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება, დაუშვებელია.

საქართველოში ანტირუსული პროპაგანდით გაბრუებულ საზოგადოებასა და საპარლამენტო უმრავლესობასაც, გადავუთარგმნით გაგლოევის ამ ნათქვამს გასაგებ ქართულზე:

რუსეთის ინტერესებში არ შედის ცხინვალის მიერთება.

რუსეთის ინტერესებში კი ეს იმიტომ არ შედის, რომ:

ა) რუსები ცხინვალს ანუ შიდა ქართლს არასოდეს აღიქვამდნენ რუსულ მიწად (განსხვავებით ყირიმისგან, დონბასისგან);

ბ) რუსები ტოვებენ იმის შანსს, რომ ქართველებმა და ოსებმა, რუსეთის დახმარებით, მიაღწიონ მოლაპარაკებას ყველა მხარისათვის მისაღებ საფუძვლებზე;

გ) საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გონივრულობის მინიმალურ დონეს მაინც აღწევს თავის გადაწყვეტილებებში, როდესაც ზედმეტად არ ამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას.

ამ სამივე პუნქტს ჩაფიქრება და ანალიზი სჭირდება. იმედია, ხელისუფლება გონიერების გზაზე უფრო მტკიცედ დადგება და ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ორ უკან გადადგმულ ნაბიჯს არ მოაყოლებს.

 

რედაქცია