პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება დამატებით კითხვებს ბადებს.
კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში კითხვები აქვთ დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით.
ვოლსკის თქმით, ყველაფერი შესრულებული ვერ იქნება და ბევრი რეფორმა განსახორციელებელია.
„უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება რეფორმებსა და საარჩევნო სისტემას, ვოლსკის თქმით, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას და კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული.
„თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად, პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისიის შეფასება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
კარლ ჰარცელის თქმით, ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება დისკუსია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ვიდრე საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ელჩის თქმით, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ისტორიული მომენტისთვის.
შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ისტორიული მომენტისთვის – ჰარცელი
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.