„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ისურვებდა.
ასე უპასუხა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას – დაუჭერდა თუ არა მხარს ნიკა მელიას თავმჯდომარის თანამდებობაზე, ახლა რომ არჩევნები იყოს.
კითხვაზე, ვინ არის ასეთი [აქტიური კანდიდატი, ვინც შეიძლება ენმ-ის თავმჯდომარე იყოს], მამულაშვილი პასუხობს, რომ ასეთი კანდიდატი „გამოჩნდება“.
მამულაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშა, რომ თანმიმდევრულობის პრობლემა აქვთ. მისი თქმით, ენმ-მ სტრატეგიის ნაცვლად ტაქტიკური სვლები უნდა ცვალოს.
როგორც მამულაშვილი ამბობს, პარტიის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობაშიც გაწბილება არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და უფრო მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია. იმიტომ, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას“, – განაცხადა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც სტაგნაცია მიმდინარეობს, ახალი სისხლი და აზროვნებაა საჭირო.