სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება — ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი პროცესი დღეს, 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრება.

„ამჟამად ვიმყოფებით მის მიერ ჩვენების განმარტების ეტაპზე, ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს პროცესი გადაიდება და გაგრძელდება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა მისივე სასამართლო პროცესებში“, — განუცხადა „მთავარ არხს“ შოთა თუთბერიძემ.

დღესვე, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს ცენტრ „ემპათიის“ ექიმები მოინახულებენ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

ორ საქმეზე მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ვალერი გელაშვილის საქმეზე. გამოძიება გრძელდება 7 ნოემბრის და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეებზე.