ლევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტს მოზომილი განცხადებები ჰქონდა, რომლის მთავარი სულისკვეთება იყო, მთავრობამ მაქსიმალურად იმოქმედოს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებული განცხადებები ძალიან მოზომილი იყო.
მისივე თქმით, ამ განცხადებების მთავარ სულისკვეთებას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად იმოქმედოს, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის მიიღოს სტატუსი მიიღოს.
ამასთან, როგორც ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციის დანიშნულებაა, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს და ის მოქმედებები აჩვენოს, რაც მთავრობამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უნდა განახორციელოს.
„პრეზიდენტს ძალიან მოზომილი განცხადებები ჰქონდა და ამ განცხადებების მთავარი სულისკვეთება იყო, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია ევროინტეგრაციის პროცესზე, პროცესის საბოტაჟი კი არ უნდა მოახდინოს და მკვახე განცხადებები აკეთოს, არამედ მაქსიმალურად იმოქმედოს, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს და გადასულია ევროკავშირის, დასავლელი პარტნიორების შანტაჟსა და ლანძღვაზე. ოპოზიციის დანიშნულებაა, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს და ის მოქმედებები აჩვენოს, რაც მთავრობამ ევროინტეგრაციაზე უნდა განახორციელოს. ხელისუფლება ვალდებულია, ჩვენ დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამის საპირისპიროს აკეთებენ. ამის ნათელი დადასტურებაა სააკაშვილის, გვარამიას დაკავება და მათი საქმეები. როცა ევროინტეგრაციაზე საპარლამენტო დებატები იყო, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ დაასახელებდა კონკრეტულ გვარებს, ვინ ვის შეხვდა და ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს დაადასტურებდა, თუმცა არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დასახელებულა, ეს ბუნებაშიც ვერ იქნებოდა. ოპოზიცია თავის ფუნქციას ასრულებს, არის მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განმახორცილებელი და ბუნებრივია, სარგებლობს იმ შეცდომებით და უმოქმედობით, რომელსაც ახორციელებს მთავრობა ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა: ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკით. გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა. ყველა ელოდება მომავალ კვირას როგორი იქნება პირველი შეფასება კომისიის მხრიდან. ივნისის ბოლოს უკვე იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ამ დროს კი, ჩვენ ევროპარლამენტარებსა და ევროპაზე ვაკეთებთ გაუგებარ განცხადებებს.
წყარო: newposts.ge