სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე.
უწყების ცნობით, 2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, აღნიშნულ საქმეზე 49 პირი გამოიკითხა, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, №8 პენიტენციური დაწესებულებების პატიმრები, ასევე, სამედიცინო პერსონალი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
„გამოძიების ფარგლებში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიოჩანაწერებზე კომპლექსური ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო-ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები. ასევე, ვიდეოჩანაწერებზე, რომელზეც ასახულია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით ვიდეოექსპერტიზა დაინიშნა. ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სააკაშვილის ადვოკატის განცხადების და მასში წარმოდგენილი კითხვების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით სამედიცინო კომისიური ექსპერტიზები დაინიშნა. ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნება, რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.
„აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო“, — აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და დასძენს, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.