გიორგი ხანიშვილი – აგვისტოში თხილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას ველოდებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა.
რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.
– “სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია. ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს” – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და საწყობი ცენტრები დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
წყარო: accentnews.ge